ნიკა მელია: დედაქალაქის მერი თუ გავხდები, პარტიის თავმჯდომარეობას დავტოვებ

354

“დედაქალაქის მერი თუ გავხდები, პარტიის თავმჯდომარეობას დავტოვებ” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია, პოლიტიკურმა ლიდერმა პარტიული ინტერესები თბილისის ინტერესებზე მაღლა დააყენოს. ამიტომაც გადაწყვეტილი აქვს, დარჩეს პარტიაში, მაგრამ არა თავმჯდომარის პოსტზე.

“შეუძლებელია, რაც არ უნდა მოწადინებული ვიყო, პარტიული ინტერესები მე წამძლევს. იგივენაირად უნდა მოიქცნენ პარტიული თანამდებობის პირები, ვინც თბილისის მთავრობაში იქნებიან წარმოდგენილი”, – განაცხადა მან.

მელიას თქმით, ის აპირებს, თბილისის ჩრდილოვანი მთავრობის წევრები არჩევნების მეორე ტურამდე დაასახელოს. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობის წევრებად სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს მოიწვევს.

“ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ დავაკომპლექტოთ. ეს უნდა იყოს სამართლიანად გადანაწილებული, ყველა ძირითად პარტიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ წილი ჩადოს იმ გამარჯვებაში, რომელსაც ჩვენ მივაღწევთ და მოვუტანთ ამ ქალაქს 30 ოქტომბერს. ამიტომ, მე ვთავაზობ და უახლოეს დღეებში, ეს კონსულტაციები გაიმართება, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ამ ჩრდილოვან ქალაქის მთავრობას და მერე უკვე გვექნება პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებაც დარწმუნდება იმაში, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ საქმესაც ვაკეთებთ და ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ”,- თქვა ნიკა მელიამ “მთავარი არხის” გადაცემაში “მთავარი აქცენტები”.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტური გაიმართება.