მეზვრიშვილი: ხმის დათვლის დროს ვიდეოკამერა ისეთი მანძილიდან იღებს, შეუძლებელია ბიულეტენის პირველი გვერდის დაფიქსირება, თუ რა არჩევანია გაკეთებული

196

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხმის დათვლის პროცედურას ვიდეო-კამერა ისეთი მანძილიდან იღებს, რომ შეუძლებელია ბიულეტენის პირველი გვერდის დაფიქსირება და იმის დანახვა, თუ რა არჩევანია გაკეთებული.

როგორც მეზვრიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, დღეს დადასტურდა, რომ ხმის დათვლის პროცედურის ვიდეო-გადაღებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ცესკო-ს გამიზნული არ ჰქონდა.

მეზვრიშვილის თქმით, ამ საკითხზე მისმა პარტიამ რამდენიმე დღის წინ ცესკო-ს ოფიციალურად მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

„ახლა წესით აქ არ უნდა ვიდგე. თბილისის პოლქებში ისეთი მდგომარეობაა ამომარჩველების მოსყიდვის და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის კუთხით, რომ თითოეული ჩვენგანი, წესით, ორიენტირებული უნდა იყოს ხმების დაცვაზე. თუმცა მინდა მნიშვნელოვანი განმარტება გავაკეთო კამერებთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, ცესკო-ს ვალდებულება აქვს მის მიერვე მიღებული დადგენილების საფუძველზე, რომ ხმის დათვლის პროცედურის ვიდეო გადაღებისას, გვერდის პირველი გვერდი ისე დაფიქსირდეს, რომ როდესაც ეს ვიდეოები პორტალზე აიტვირთება, მკაფიოდ და ნათლად გამოჩნდეს, რომელი პარტია და კანდიდატია შემოხაზული. რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე გავმართეთ ბრიფინგი, რასაც ცესკო ასევე ბრიფინგით გამოეხმაურა. ჩვენს განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა და შემოგვთავაზა ორაზროვანი განმარტება, თთქოს ისინი დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებას შეასრულებდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ცესკო-ს ამ განცხადებას არ ვენდეთ და როგორც დღეს აღმოჩნდა, ამის საფუძველი გვქონდა. ეს ყველაფერი გავაგებინეთ სადამკვირვებლო მისიებს და ჩვენს ყველა პარტნიორს. დღეს პრაქტიკულად დადასტურდა, რომ ცესკო-ს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების არც სურვილი ჰქონდა და არ ამ ვალდებულების შესრულება ჰქონდა გამიზნული. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ჩვენ მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაზე, რომლითაც რამდენიმე დღის წინ ცესკო-ს ოფიციალურად მივმართეთ, ცესკოსგან დრომდე პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ მოვთხოვეთ ცესკო-ს მკაფიო განმარტება იმაზე, რომ უზრუნველყოფდა ხმის დათვლის პროცესის იმგვარად ჩაწერას, რომ ჩვენს მსგავს პარტიებს შესაძლებლობა ექნებოდათ, როდესაც ეს ყველაფერი აიტვირთებოდა პორტალზე, გვენახა პირველი გვერდი და ის, თუ რა არჩევანი იყო გაკეთებული.

კამერა ისეთი მანძილით იღებს, ბიულეტენის პირველი გვერდის დაფიქსირება და გაკეთებული არჩევანის დანახვა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. დილით, როდესაც უბნები გაიხსნა, ჩვენი წარმომადგენლები შეეცადნენ შენიშვნა დაეფიქსირებინათ შენიშვნების წიგნში. ამის გაკეთების შესაძლებლობა არ მიეცათ“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.