ცესკო საუბნო კომისიის წევრებს: ნუ დაარღვევთ კანონს და ერთ ამომრჩეველზე მეტს საარჩევნო კაბინაში ნუ შეუშვებთ, თუ ამის განსაკუთრებული საჭიროება არ დგას

258

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართავს, ნუ დაარღვევენ კანონს და ერთ ამომრჩეველზე მეტს საარჩევნო კაბინაში ნუ შეუშვებენ, თუ ამის განსაკუთრებული საჭიროება არ დგას. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რამდენიმე უბანზე კაბინაში ერთზე მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდა.

„კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველი ხმას აძლევს ხმის მიცემის კაბინაში დამოუკიდებლად. იმ შემთხვევაში, თუ მას დახმარება დასჭირდება, უნდა მიმართოს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და მომდევნო ამომრჩეველს სთხოვს დაეხმაროს. თუ ამასთან დაკავშირებით არის საუბარი, ამ შემთხვევაში ეს კანონმდებლობის დარღვევა არ გახლავთ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ფაქტთან არის დაკავშირებული, კიდევ ერთხელ მივმართავთ როგორც ამომრჩევლებს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ნუ გააკეთებენ მსგავს ქმედებას, ეს კანონით აკრძალულია!“ – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, ცესკოს სპიკერმა მოუწოდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, ნუ შეუშლიან ხელს დამკვირვებლებს დაწერონ საჩივრები.

„საჩივრებზე უნდა იყოს რეაგირება. ასეთი ტიპის ფაქტებზე ჩვენ დაუყოვნებლივ რეაგირება გვაქვს“, – განაცხადა იოსელიანმა.