ენმ-ს ფოთის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო დაპირებები

601

გთავაზობთ ენმ-ს ფოთის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო დაპირებებს:

ფოთი -ტურიზმი

პორტი უნდა შემობრუნდეს ქალაქისკენ და ქალაქი ზღვისკენ

ზღვა დღეს ქალაქს ართმევს მიწას, პორტი მოწყვეტილია ქალაქის ცხოვრებას, ზღვიდან არ შემოდის ტურისტი, თევზის რეწვა მხოლოდ თევზის სუნს ტოვებს ქალაქში, მაშინ, როცა ფოთში თევზის ბაზარიც კი არ არსებობს. ეს აბსურდული სიტუაცია უნდა შევცვალოთ.

ამისათვის აუცილებელია:

  1. ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება ქალაქის მთელს პერიმეტრზე
  2. ოსტროვის მიმდებარედ ზღვაში მოეწყობა ტალღის მჭრელები, ხოლო პორტის მიმდებარედ მოეწყობა ნავმისადგომი მგზავრთა გადაზიდვებისა და იახტებისთვის. საზღვაო სამგზავრო გადაზიდვის გარეშე ფოთი ვერ გახდება სრულფასოვანი საპორტო ქალქი. მხოლოდ კონტეინერებით ამ მიზანს ვერ მივაღწევთ
  3. გაიწმინდება რიონის კალაპოტი, აღდგება მცირე კუნძულის არხი. ამ კომპლექსური ღონისძიებებით არათუ შეჩერდება ზღვის მიერ მიწის მიტაცება, არამედ დროთა ვითარებაში უკვე წყალში ჩაძირული მიწის მონაკვეთი შეივსება
  4. ოსტროვი საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება ე.წ. გრეიფუტების კომბინატის ტერიტორიას, რომელიც უნიკალურია ქალაქის განვითარებისთვის. ეს ტერიტორია შეავსებს და გააგრძელებს ფოთის უნიკალურ განაშენიანებას. სანაპირო ზოლზე მოეწყობა საქალაქო პლიაჟი სასტუმროებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით. ქალაქის ეს ნაწილი იდეალურად პასუხობს საოჯახო დასვენების მოთხოვნებს. სამკურნალო თვისებების მქონე აქაური სანაპიროს მიწა განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის.
  5. ბულვარი გაგრძელდება მალთაყვამდე, რომელიც თავისი უნიკალური ეკოსისტემით, კოლხეთის ეროვნული პარკით, პალიასტომისა და ოქროს ტბით შეუდარებელია მთელს შავ ზღვაზე.
  6. შევისწავლით და დავნერგავთ კოღოების პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას.
  7. გაისად დასრულდება ქალაქის საკანალიზაციო და წყალანირების სისტემა. დასრულდება სამარცხინო ეპოქა, როცა კანალიზაცია პირდაპირ ჩაედინებოდა ზღვასა და პალიასტომის ტბაში
  8. ფოთში საწყალოსნო და ზოგადად სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. საერთაშორისო ტურნირების მოზიდვა.
  9. ჩვენ გვაქვს  საერთაშორისო დონორების და კერძო ინვესტორების მოზიდვის გამოცდილება. ფოთში არა მხოლოდ ფულს უნდა შოულობდნენ, არამედ ხარჯავდნენ კიდეც.
  10. ფოთი ახალი სისავსით დაბრუნდება რეგიონის ტურისტულ რუკაზე
  11. ფოთიდან ხალხის გადინების ნაცვლად, პირიქით ნელ-ნელა მოსახლეობა გაიზრდება

ამას ჭირდება მონდომება, იდეით გაერთიანებილი ადამიანები და თქვენი მხარდაჭერა!

ამას ჭირდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმში გამარჯვება და მერე ჩვენი ყველას დაუღალავი შრომა!

ინდუსტრია-ფოთი

პორტი უნდა შემობრუნდეს ქალაქისკენ და ქალაქი ზღვისკენ

ფოთის პორტის მარჯვნივ ნაბადას უბნის გაყოლებაზე, ვიდრე ყულევის ტერმინალამადე ფოთს გააჩნია უზარმაზარი სამრეწველო პოტენციალი. თავისუფალი ეკონომიკური ზონის იდეა, ისევე როგორც აეროპორტის აღდგენა ოცნების კორუფციულ ინტერესებს შეეწირა. ჩვენ ამას გამოვასწორებთ.

ამასთანავე, უნდა განვთავისუფლდეთ საბჭოური სტერეოტიპებისგან. წარსულიდან ქოფი-პეისთით მრეწველობას ვერ გადმოიტან. ფოთის სამომავლო ინდუსტრიული და სამრეწველო პოტენციალი უნდა მოერგოს თანამედროვე გლობალურ ეკონომიკას.

ფოთის გრძელვადიანი განვითარების და დასაქმების გეგმა უნდა მოიცავდეს:

  1. ფოთის პორტის გაფართოვება ნაბადას უბნის სანაპიროს მხარეს. ახალი ტერმინალების დამატება;
  2. თევზჭერის ინფრასტრუქტურის გამართვა
  3. ქვიშის მასალის და კერამიკის წარმოების აწყობა
  4. ტორფის მოპოვება და მინერალური სასუქების წარმოება
  5. ნაბადის უბანში და მის გაყოლებაზე ჩრადილოეთით სასაწყობო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გამართვა;
  6. ფოთის გარშემო სასათბურე მეურნეობების განვითარება
  7. ფოთი ყულევის ხიდის მშენებლობა
  8. ქალაქის გვერდის ავლით პორტამდე გზების მიყვანა

ფოთის ტურისტული, ლოჯისტიკური, სატრანსპორტო და სამრეწველო პოტენციალის ერთობლიობა იძლევა შესაძლებლობას, რომ აქ აქტიურად განვავითაროთ ფინანსური და IT სერვისები, რაც თანამედროვე და მომავლის ეკონომიკის ფუნდამენტია, რაც ახალ სიცოცხლეს და შემოსავალს მოუტანს ფოთს.

ეს ყველაფერი რეალურია. ეს ყველაფერი გაკეთებადია. ეს ყველაფერი მიღწევადია!

ამას ჭირდება მონდომება, იდეით გაერთიანებილი ადამიანები და თქვენი მხარდაჭერა!
  
ამას სჭირდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმში გამარჯვება და მერე ჩვენი ყველას დაუღალავი შრომა!