ISFED: საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მმართველი პარტიის პოზიციის განმტკიცებას და დამკვირვებელი ორგანიზაციების დისკრედიტაციას ემსახურება

129

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მმართველი პარტიის პოზიციის განმტკიცებასა და დამკვირვებელი ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი, „სამართლიანი არჩევნების“ საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება, – ამის შესახებ ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, კომისიის საქმიანობამ და შედეგად მომზადებულმა დასკვნამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ მისი მიზანი არა დარღვევების სიღრმისეული გამოკვლევა, არამედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის დადასტურება და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაცია იყო.

„დარღვევები, რომელთა უარყოფა შეუძლებელი იყო, კომისიამ, ძირითადად, პანდემიური და სტრესული გარემოს გავლენით დაშვებული ტექნიკური შეცდომებით და, რიგ შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ გამოვლენილი გულგრილობით და დაბალი კომპეტენციით ახსნა. კომისიის დასკვნით, რომელიც დადგენილების მიღებით გაიზიარა პარლამენტმა, გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა რაიმე არსებითი გავლენა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე. დადგენილებას მხარი მხოლოდ მმართველი პარტიისა და “ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენლებმა დაუჭირეს.

ამასთან, კომისიას ადეკვატურად არ შეუფასებია საპარლამენტო არჩევნების ყველაზე პრობლემური ასპექტები, მათ შორის: შემაჯამებელი ოქმების ზეპირად შესწორებისა და საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის ფორმალურად და ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების დარღვევით წარმართული პროცესი.

შესაბამისად, კომისიის დასკვნა მმართველი პარტიის პოზიციის განმტკიცებასა და დამკვირვებელი ორგანიზაციების, განსაკუთრებით, კი, „სამართლიანი არჩევნების“ საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნას, ფაქტობრივად, ერთპარტიული – „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა აქვს, შეიძლება ითქვას, რომ კომისია მმართველმა პარტიამ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენა და არა საპარლამენტო არჩევნებისას გამოვლენილი დარღვევების ობიექტურად შესწავლისა და მათი პრევენციის საშუალებად“, – ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, ანგარიში მოიცავს 2021 წლის 1 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა, ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.

სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე.