ISFED: საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემა, რომელიც მის მიმართ ნდობის ნაკლებობას უკავშირდება, კვლავ გადაუჭრელია

193

საარჩევნო რეფორმის მთავარ მიზანს, ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილების ნაწილში, ცესკოს მიმართ ნდობის ამაღლება წარმოადგენდა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემა, რომელიც მის მიმართ ნდობის ნაკლებობაში გამოიხატება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კვლავ გადაუჭრელია.

,,სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე მხარი არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა, რადგან არცერთი კონკურსანტი სრულად არ აკმაყოფილებდა ორგანიზაციის მოთხოვნებს. ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომისიას უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, კომისიის წევრთა ნაწილის გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, წინასწარ იყო მიღებული აღსანიშნავია ისიც, რომ წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებები კონკრეტული კანდიდატის შესახებ არ იყო სათანადოდ დასაბუთებული“, – ნათქვამია ანგარიშში.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება, როგორც პარტიებს შორის კონსენსუსის გამოხატულება, უნდა ასახულიყო კანდიდატების მრავალპარტიულ მხარდაჭერაში.

„ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების მაღალი ლეგიტიმაციითა და მრავალპარტიული მხარდაჭერით არჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე. სამწუხაროდ, ვერც პრეზიდენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიისა (თავმჯდომარეობის კანდიდატის შემთხვევაში) და ვერც პარლამენტში მიმდინარე განხილვის ეტაპზე, ვერ მოხერხდა იმგვარი კანდიდატების არჩევა, რომლებსაც მაღალი ნდობა ექნებოდათ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემა, რომელიც მის მიმართ ნდობის ნაკლებობას უკავშირდება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კვლავ გადაუჭრელია“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ცნობისთვის, ანგარიში მოიცავს 2021 წლის 1 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა, ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.

სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე.