“ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა

409

შემდეგი სტატი

“ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ამის შესახებ “ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ლიდერებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამის მიზეზად კი კობახიძე რიგი ოპოზიციური პარტიების მიერ შეთანხმებაზე ხელმოუწერლობას ასახელებს. კობახიძის თქმით, მმართველმა პარტიამ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება ცალმხრივად შეასრულა, რადიკალური ოპოზიცია კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს.

„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს.

„სამწუხაროა, რომ ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა 100 დღის განმავლობაში ხელი არ მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ძირი გამოუთხარა დოკუმენტის მიზანს – შეამციროს პოლიტიკურ პოლარიზაცია და ხელი შეუწყოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას პოლიტიკურ პარტიებს შორის. თუმცა, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება”, – აღნიშნა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ასევე, თქვა, რომ მმართველი გუნდი მზადაა, რიგგარეშე არჩევნები არა ხმათა 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევა აჩვენებს, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია.