როგორ გამოვიყენოთ კულტურული მემკვიდრეობა – მცხეთის მერია ქალაქის განვითარებისთვის ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას გეგმავს

1220

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

5-11 ივნისს მცხეთის მერიის წარმომადგენლები ესტონეთში იმყოფებოდნენ, სადაც სამი ქალაქის მაგალითზე გაიზიარეს თვითმმართველობის სფეროში ესტონეთის 30-წლიანი გამოცდილება, ისაუბრეს არსებული გამოწვევებსა და თვითმმართველობის განვითარებაზე. რა შეხვედრები მოეწყო, რა ინოვაცია დაინერგა ესტონეთის თვითმმართველობებში ამ 30 წლის განმავლობაში და რა მაგალითის გადმოტანა შეიძლება მოხდეს მცხეთის მუნიციპალიტეტში, ამ თემაზე droa.ge-სთან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი საუბრობს.

– დავიწყოთ იმით, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტსა და ესტონეთის ცენტრს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რის ფარგლებშიც მცხეთიდან დელეგაცია იმყოფებოდით ესტონეთში. როდის დაიწყო ეს თანამშრომლობა, რა არის ძირითადი ამოცანა და რას ითვალისწინებს ის?

– აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრთან თანამშრომლობის პირველი ნაბიჯი 2019 წლის ივნისში გადაიდგა, როდესაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ესტონეთის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა და გაცნობითი ხასიათის იყო. მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა პრიორიტეტული ინტერესების მქონე მოქალაქეები, კულტურის და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანები. საუბარი იყო მუნიციპალიტეტში, ასევე, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაზე, დემოკრატიის გაძლიერებაზე. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაფორმება და განვითარება. 2020 წლის ნოემბერში კი, მცხეთის მუნიციპალიტეტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით.

– ამ მემორანდუმის ფარგლებში დაწყებული პროექტი რამდენხნიანია და რას გულისხმობს?

– მემორანდუმით მხარეები განუსაზღვრელი ვადით იღებენ თანამშორომლობის და დახმარების ვალდებულებას, ხოლო მიმდინარე პროექტი – “ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის გაძლიერება – გამჭვირვალე მმართველობა” – წელს დაიწყო, 3-წლიანია და იმედია, დაინტერესებული მხარეებისთვის ნაყოფიერი შედეგით დამთავრდება. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული. გამოცდილების და საჭირო დახმარებების გაზიარებით, მხარეების მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობაში დემოკრატიული პროცესების სტიმულირება, დაჩქარება და გაძლერება.

– რა შეხვედრები იყო და რა მაგალითებს გაეცანით?

– ეს ვიზიტი ცოტა ადრე უნდა დაგეგმილიყო, მაგრამ პანდემიის გამო, როგორც ყველას, ჩვენც შეგვეშალა ხელი. ეს იყო პირველი ფართომასშტაბიანი ვიზიტი. ვგულისხმობთ იმას, რომ   საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებიც ჩაერთნენ ამ პროექტში და ჩვენ თელავის მუნიციპალიტეტთან ერთად მოგვიწია ესტონეთში გამგზავრება.

ამ ვიზიტამდე ჩვენ ონლაინრეჟიმში ვთანამშრომლობდით და გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ვმუშაობდით. ჩვენს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მერი, გიორგი კაპანაძე.

ვიზიტის ფარგლებში ვეწვიეთ სამ ქალაქს – ტალინს, ჰააპსალს და ვილიანდს. სამივე ძალიან განსხვავებული იყო, სამივეს ჰქონდა ის ნიშა, რაც საინტერესო იყო მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის. ძირითადი მიმართულება იყო სივრცითი დაგეგმარება, წყალმომარაგების სისტემები და ადგილობრივ თვითმმართველობაში ელექტრონული მმართველობისა და დემოკრატიის განვითარება.

– სივრცითი დაგეგმარებით დავიწყოთ, რა იყო თქვენთვის ის სიახლე, რისი დანერგვაც მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის კარგი იქნება?

– სივრცითი დაგეგმარება ქალაქისთვის, როგორც ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, ისე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. ტალინში ჩვენ დეტალურად გაგვაცნეს ქალაქი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა – ტალინის ისტორიული ნაწილი, რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშაა მოქცეული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გამოცდილების გაზიარება,  მისი ეკონომიკური განვითარება და  კულტურული მემკვიდრეობის ჩვეულებრივ ყოფიერებაში გამოყენება.

ჩვენი ქალაქი ამჟამად მორატორიუმის რეჟიმშია და მსგავსი მაგალითების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. სიახლე ის არის, თუ როგორ იყენებს მოსახლეობა კულტურულ მემკვიდრეობას, როგორ თანაცხოვრობს მასთან, ადამიანები თავიანთ კერძო საკუთრებას როგორ განკარგავენ, როგორაა დაგეგმილი ეკონომიკური განვითარება: გარევაჭრობა, კაფეები, კულტურული ობიექტები, ახალგაზრდებისთვის საინტერესო თავშეყრის ადგილები და ა.შ.

– ახლა, როცა მცხეთის განაშენიანების გენგეგმა მუშავდება, ტალინში გაზიარებული მაგალითით შესაძლებელია ამ გენგეგმაში რაიმე სიახლის შეტანა და კონკრეტულად რის შეცვლაზე დაგაფიქრათ?

– ვიზიტის დროს ნანახ სამივე ქალაქში არის თანამედროვე მიდგომები, რითაც შესაძლებელია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის და თანამედროვე ცხოვრების ერთმანეთთან შერწყმა.

ძველის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია პროგრესი. ესტონეთში, პირველ რიგში, თვალშისაცემია ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და მისი სწორი დაგეგმარება. დავინახეთ, რომ მათ სწორად იციან არსებული მატერიალური თუ არამატერიალური რესურსის აღმოჩენა და მისი გამოყენების გზები.

რა თქმა უნდა, ამ მხრივ მცხეთას უდიდესი პოტენციალი გააჩნია და მათი გამოცდილების გაზიარებაც უმნიშვნელოვანესია. მცხეთა უნდა ვაქციოთ კულტურის და განათლების ცენტარად. ამისათვის საჭიროა ძველი და ახალი კულტურული მიმართულებების განვითრება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და უსაფრთხო გარემოს შექმნა. ჩვენი ქალაქის წყლის რესურსების, ვგულისხმობ, მდინარის სანაპიროების მულტიფუნქციურ განვითრებას, ტურისტული ინფრასტრუქტურის და მარშრუტების განვრცობას, რაც განაპირობებს ამჟამად მხოლოდ სვეტიცხოვლის მიმდებარედ თავმოყრილი ქაოსური ტურიზმის გამოსწორებას.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქალაქ ვილიანდის – კულტურული ღონისძიებების ცენტრი-ქალაქი. ქალაქს აქვს თავისი თეატრი, დიდი საკონცერტო დარბაზი, ბევრი კულტურული ობიექტი და ითვლება ფესტივალების ქალაქად. მცხეთის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და  ე.წ. თეატრონის ტერიტორიის განვითარების პერსპექტივით, მცხეთას აქვს პოტენციალი, მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ და თვალსაჩინო ქალაქად იქცეს კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურის ღონისძიებების თვალსაზრისით. ამასთან ერთად, მცხეთა უნდა იქცეს ყველაზე უსაფრთო, ჯანსაღ და მწვანე ქალაქად.

– რამდენად შესაძლებელია, რომ მათი ეს გამოცდილება მცხეთაში გადმოიტანოთ და რამდენად შეძლებთ, ამაში ცენტრალური ხელისუფლების დახმარების იმედი გქონდეთ?

– ვფიქრობ, რომ ცენტრალური ხელისუფლებისთვის ჩვენგან სწორი იდეისა და წინადადებების მიწოდება მნიშვნელოვანია. ამას სჭირდება საკითხების ექსპერტულ დონეზე დამუშავება, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და ა.შ. განაშენიანების რეგულირების და სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტების შექმნა თავისთავდ გულისხმობს ბევრი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, საკითხების  ექსპერტულ დონეზე განხილვებს, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას და ა.შ. მოქმედი კანონმდებლობა საშუალებას გვაძლევს, მიღებული დოკუმენტი იყოს როგორც ქვეყნის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული და მათი განვითარების საჭიროებებზე ორიენტირებული. ცენტრალური ხელისუფლების დახმარებაც სწორედ აქედან უნდა მომდინარეობდეს, რომ ხელი შეუწყოს, დაეხმაროს და სტიმული მისცეს ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი ინტერესების გამოხატვასა და განვითარებაში. იმედი გვაქვს, ეს ეტაპიც მხარდაჭერილი იქნება ცენტრალური ხელისუფლების მიერ, როგორც დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი მაგილითი.

– თქვენ, ასევე, თქვით, რომ წყალმომარაგების სისტემებიც ნახეთ. წყალმომარაგება, ზოგადად, დიდი პრობლემაა ქართული სოფლებისთვის და ესტონეთში არის ამ მხრივ პრობლემები. ან, რა იყო სიახლე, რაც კარგი იქნება მცხეთაში და საერთოდ, საქართველოში?

– ჩვენ სადაც ვიყავით, ეს საკითხი ყველგან გადაჭრილად ითვლება. წყალმომარაგების სისტემას დეტალურად გავეცანით ქალაქ ჰააპსალუში. ეს არის ძვირადღირებული პროექტები, რომლებიც, ძირითადად, დაფინანსებულია დონორების მიერ. სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობები, მოწესრიგებული კანალიზაციის სისტემები და მისი გამწმენდი ნაგებობები, მათი მართვა ელექტრონული სისტემებით, მოქნილი და ეფექტური მენეჯმენტით, რასაც წლების გამოცდილებით მიაღწიეს. უსაფრთხო, ჯანსაღი გარემოს შექმნა პრიორიტეტია და მუდმივად ზრუნავენ ამაზე. რა თქმა უნდა, მასზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ამ ქვეყნის    განვითარებაც, რაც ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული ყველა მოქალაქეს.

– შესაძლებელია, ეს სისტემა მცხეთაშიც იყოს გადმოტანილი?

– ექსპერტული შეფასებების, ჩარევის, გარემოზე ზემოქმედების დასკვნების საფუძველზე, არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა მსგავსი პროექტის შექმნა და იმედია, რომ ამ კუთხით ძალიან გავაღრმავებთ თანამშრომლობას ევროკავშიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრთან, იმისთვის, რომ საერთაშორისო ექსპერტების და დონორების დახმარების საფუძველზე ამას მივაღწიოთ.

წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემებისთვის გამწმენდი ნაგებობების მოწყობა და მათი ეფექტური მართვა ყველა განვითარებული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მათ აქვთ ზღვა, ისინი ზღვას უფრთხილდებიან, ჩვენ – მდინარეებს, ეს არის მსგავსება და  საერთო მიზანი – ურთიერთდახმარებით და გამოცდილებით გავუფრთხილდეთ გარემოს.

– რაც შეეხება ელექტრონული მმართველობის სისტემას. ელექტრონული მმართველობა საქართველოშიც არის დანერგილი, რა იყო განსხვავება და რამდენად გასაზიარებელია?

– მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენთან ელექტრონული მმართველობის სისტემები უკვე დიდი ხანია დაინერგა, განსაკუთებულად საინტერესოა ესტონეთში ელექტრონული სისტემების გაცნობა.

რამდენად დეტალიზებულია იგი, როგორი მოქნილია, როგორ იცავს პერსონალურ მონაცემებს, როგორ იყენებს პრაქტიკაში მას მოქალაქე, როგორ გამჭირვალეს ხდის ადმინისტრაციულ წარმოებას, ასტიმულირებს მოქალაქეების ჩართულობას ადგილობრივ თვითმმართველობაში. სწორედ ელექტრონული მმართველობის განვითარებაა დემოკრატიის გაძლიერების და გამჭირვალე მმართველობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი.

– ჩვენთან ცენტრალური ხელისუფლება სულ დეცენტრალიზაციაზე საუბრობს, თუმცა, საქართველოში დეცენტრალიზაცია არ გვაქვს და ყველაფერი წყდება ცენტრიდან. რამდენად ძლიერი და დამოუკიდებელია ესტონეთში თვითმმართველობები? თვლით, რომ საქართველოშიც აუცილებელია, მუნიციპალიტეტებს ბევრად მეტი უფლებები ჰქონდეთ საკუთარი ქონების მართვისთვის და პრობლემების მოსაგვარებლად?

–  ჩვენთან დეცენტრალიზაციის პროცესი დაწყებულია, თუმცა, საჭიროა მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ესტონეთში ეს ცოცხალი და მიმდინარე პროცესია, თუმცა, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ  დეცენტრალიზაციის პროცესი ესტონეთში წარმატებით განხორციელდა და შედეგებსაც მაღალი მაჩვენებლებით ითვლიან. იქ ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩართული  მოქალაქეების აქტივობა მაღალია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათი ინტერესები დაკმაყოფილებულია და წახალისებული. მიმაჩნია, რომ ჩვენთან დეცენტრალიზაციის პროცესმა უფრო ქმედითი უნდა გახადოს თვითმმართველობა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარების პროცესში, ესაა ქონრივი საკითები, რესურსები, სხვადასხვა რეგულაციის შემოღება და ა.შ.

– შეგიძლიათ მითხრათ, რომელიმე კონკრეტული 1-2 თემა, რომელიც შეიძლება შეირჩეს და მოხდეს მისი გახორციელება?

– მეტი ქალი პოლიტიკაში! ქალებს შეუძლიათ შეცვალონ! საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათი ჩართულობის სტიმულირება პოლიტიკური ცხოვრების მთავარი დღის წესრიგი უნდა იყოს. ესტონეთში ამ მიმართულებით ბევრი პროგრამა მუშაობს და სასურველი შედეგის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებენ. დღეს მსოფლიოში ქალების პოლიტიკაში და მმართველობაში ჩაბმის ხარისხი ქვეყნის განვითარების და მისი პოლიტიკური კულტურის განსაზღვრის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობის ყველა ეტაპზე ეს საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტი და არაერთი  პროექტის მთავარი თემა იქნება.