თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფისა და თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის დონის ამაღლების მიზნით ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ახორციელებენ პროექტსთვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა“.

 

პროექტის მიზანია მოქალაქეების, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით გადაიხედოს მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმები და მომზადდეს  „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის“ შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.

 

პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უკვე შემუშავდა კონცეფციის დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან კონსულტაციების შემდეგ ახალ კანონპროექტს დაედება საფუძვლად.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პირველი არჩევნებიდან, დღემდე თვითმმართველობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება განხორციელდა. გატარდა როგორც ინსტიტუციური, ასევე ტერიტორიული საფუძვლების რეფორმა. თუმცა, თვითმმართველობის 15 წლიანმა გამოცდილებამ ვერ უზრუნველყო  მოსახლეობის  თვითორგანიზების სათანადო სტიმულირება. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და სხვა დონორების ძალისხმევის მიუხედავად, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის კუთხით რეალური სურათი არსებითად არ შეცვლილა. თვითმმართველობის ორგანოები კვლავ გაუცხოებულია მოსახლეობისაგან. საზოგადოება სათანადოდ არ არის ჩართული თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და ძირითადად მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობით შემოიფარგლება.  ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ   დაბალია, როგორც თვითმმართველობის ნდობის ხარისხი, ასევე თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დონე.

 

აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, ადგილობრივ ორგანოებსა და მოსახლეობას შორის კავშირის გაძლიერებისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, პროექტის ფარგლებში პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები   ქვეყნის ყველა რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში მართავენ საინფორმაციო შეხვედრებს. ქვეყნის მასშტაბით სულ 200-ზე მეტი საკონსულტაციო შეხვედრა და მრგვალი მაგიდა ჩატარდება.

 

პროექტის განმახორციელებლები არიან ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA),  სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელში“(R-CSN) შემავალი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისსაერთაშორისო საზოგადოება“, „რეგიონის განვითარების ცენტრი“, საერთაშორისო  ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ და „საქართველოს სასოფლო დარბაზი“,  „კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი“,   „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“,სათემო განვითარების ცენტრი“ და „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“. პროექტის ნაწილი ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით ტარდება, თუმცა, გარკვეულ აქტივობებს პარტნიორი ორგანიზაციები საკუთარი რესურსებით ახორციელებენ.

 

პროექტის ხანგრძლივობაა 3 თვე. პროექტის მიმდინარეობის შესახებ სიახლეები და სხვა დამატებითი ინფორმაცია განახლდება ვებგვერდზე www.droa.ge. სიახლეებს ასევე შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ პროექტის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე: თვითმმართველობის დროა.