დავით ნარმანიამ პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა

929

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. თბილისის მერის თქმით, პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 2017 წლის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტია. როგორც ნარმანიამ განაცხადა, სამუშაოების დაწყებამდე იყო ბევრი კითხვა და ეჭვი, თუმცა პროექტი უმოკლეს ვადაში, საკმაოდ წარმატებით დასრულდა.

დედაქალაქის მერმა პეკინის ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ მერიის სხვადასხვა სამსახურისა და კომპანიების „Gwp“-ისა და „Black Sea Group“-ის ერთობლივი მუშაობით, უმოკლეს ვადაში საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები შესრულდა.

დავით ნარმანიას თქმით, ქუჩაზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის საფარის რეაბილიტაციის პარალელურად, განახლდა ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყალმიმღები ჭები, ცენტრალურ კოლექტორთან შემაერთებელი მილები და ჭის თავსახურები, განახლდა ორი მაგისტრალური მილსადენი და ცენტრალური კანალიზაციის კოლექტორი.

გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირის კვეთებში მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, ხოლო კალანდაძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში გაფართოვდა გზა და დაემატა ერთი საავტომობილო ზოლი.

„მოეწყო ავტობუსების ზოლები, გაჩერებებზე ახალი მოსაცდელები დამონტაჟდა, გამოიცვალა შუქნიშნები, რომლებიც შშმ პირებისთვის ადაპტირებული ხმოვანი აპარატურით აღიჭურვება. უახლესი ტექნოლოგიით მოეწყო ქვეითთა გადასასვლელები, ველობილიკები და ველოსადგომები. ველობილიკები შესაბამისი ნიშნებით და მონიშვნებით ეტაპობრივად აღიჭურვება“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა ავტომობილების პარკირების ახალი სქემის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე არსებულ სამკუთხედში დაახლოებით 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. ჯამში კი პეკინზე პარკირების 205 ადგილი იქნება.

რაც შეეხება რეაბილიტირებულ პეკინზე საავტომობილო მოძრაობას, თბილისის მერის განმარტებით, მოძრაობა არსებულ, ცალმხრივ რეჟიმში გაგრძელდება. დავით ნარმანიას თქმით, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის გაცალმხრივება გადაადგილების კუთხით ქალაქში დაბრკოლებას არ ქმნის. თბილისის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 23 სექტემბრიდან, პეკინის, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანპორსპორტი ორმხრივად იმოძრავებს.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, პეკინის ქუჩაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება და ქუჩის გასწვრივ დეკორატიული მცენარეები ეტაპობრივად განთავსდება. მისივე თქმით, პეკინზე უკვე დაიდგა სკამები და დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები.

დავით ნარმანიამ ის კომპანიები და პირები დაასახელა, რომლებმაც პეკინის ქუჩის რეაბილიტაციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს და მათ მადლობა გადაუხადა. მათ შორისაა: კომპანიები „Gwp“ და „Black Sea Group“, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსები, საპატრულო პოლიცია და მედია. მოთმინებისა და მხარდაჭერისათვის კი განსაკუთრებული მადლიერება თბილისის მერმა თანამოქალაქეების მიმართ გამოხატა.