დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებმა ამომრჩეველთა ერთიანი სიები უნდა გამოაკრან

806

დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებმა ამომრჩეველთა ერთიანი სიები  საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში უნდა გამოაკრან.

“საარჩევნო კოდექსის” 31-ე მუხლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიას, არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა, გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, ხოლო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა – საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსია.

საუბნო საარჩევნო კომისიები ვალდებულები არიან, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) და მასთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი დაუყოვნებლივ გამოაკრან საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

რაც შეეხება გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას, საუბნო საარჩევნო კომისიებმა ის საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოაკრან.

“საარჩევნო კოდექსის” თანახმად, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. თავად საარჩევნო სიის სრულყოფაზე პასუხისმგებლობა კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეკისრება.

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებელ ორგანიზაციასა და ამომრჩეველს უფლება აქვთ, გაეცნონ ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა.

საარჩევნო სუბიექტს, ბლოკს, დამკირვებელ ორგანიზაციასა და ამომრჩეველს უფლება აქვთ, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-16 დღისა, მოითხოვონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა.

მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.