„დემოკრატია ფული ღირს“ – ინტერვიუ გაუქმებული ქალაქის ჯერ კიდევ მოქმედ მერთან

1061

ის იყო თვითმმართველი ქალაქის – თელავის პირველი და უკანასკნელი არჩეული მერი. ამბობს, რომ ამ პერიოდში ქალაქისთვის ბევრი მტკივნეული პრობლემა გადაჭრა, ბევრის გადაწყვეტაც დაიწყო. თავდაპირველად, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, შემდგომ პოზიცია რადიკალურად შეცვალა. როგორ ხსნის პოზიციის ცვლილებას, რისი გაკეთება შეძლო, რა პრობლემებს ხედავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, ამაზე droa.ge-ს თელავის ჯერ კიდევ მოქმედი მერი, პლატონ კალმახელიძე ესაუბრა.

– ბატონო პლატონ, თქვენ აღმოჩნდით თვითმმართველი ქალაქის – თელავის პირველი და უკანასკნელი მერი. 2014 წელს თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისად, ქალაქს ცხოვრების ახლებურად დაწყება უწევდა, რაც, წესით, არაერთ გამოწვევასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. რა იყო მთავარი გამოწვევები, რაც პირველ რიგში უნდა გადაგეწყვიტათ?

– დაგეთანხმებით იმაზე, რომ მე ვარ ამ ქალაქის პირველი არჩეული მერი, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ მე ვარ თვითმმართველი ქალაქის – თელავის უკანასკნელი მერი, იმიტომ, რომ არავინ იცის, მომავალში რა როგორ იქნება…

– ამ საკითხზე ცოტა მოგვიანებით აუცილებლად დეტალურად ვისაუბროთ. ახლა კი, პირველ რიგში, იმაზე ვილაპარაკოთ, რისი გაკეთება შეძელით ქალაქისთვის…

– საქმიანობის ეს სფერო ჩემთვის ახალი იყო, რადგან აქამდე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება არ მქონდა. ამიტომაც თავად ეს სიახლეც დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან უპრეცედენტოდ ბევრი შეხვედრა ჩავატარე. ამიტომაც, ქალაქის პრობლემები სრულად მქონდა იდენტიფიცირებული.

ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო წყალმომარაგების რეაბილიტაცია. არ მგონია, რომელიმე ქალაქს ისეთი ცუდი წყალმომარაგება ჰქონოდა, როგორც თელავს. ზაფხულში მოსახლეობას წყალი 2 დღეში ერთხელ, 2 საათით მიეწოდება. გასული საუკუნის 40-50-იანი წლების შემდეგ ქალაქში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია არ მომხდარა. 2015 წელს დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. ქალაქის წყალმომარაგება ხუთ ზონად დავყავით. თითოეულ ზონას ავტონომიური წყალმომარაგება უნდა ჰქონდეს. პირველ ეტაპზე ორი ზონის რეაბილიტაციისთვის დონორმა ორგანიზაციამ 4 მილიონ ლარზე მეტი გამოყო და „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ დონორი დამატებით 9 მილიონნახევარ ლარს გამოყოფს, რომლითაც მთელი ქალაქის წყალმომარაგების სისტემა რეაბილიტირდება. ახლა უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

მეორე პრიორიტეტი იყო ბატონის ციხის რეაბილიტაცია.  ეს იყო ძალიან პრობლემური პროექტი. ისე დაიწყეს ბატონის ციხის რეკონსტრუქცია, რომ თელაველებისთვის არავის არაფერი უკითხავს. პროექტი, ფაქტობრივად, გასაიდუმლოებული იყო. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ვმსჯელობდით, თუ როგორ უნდა შეცვლილიყო პროექტი. საბოლოოდ, ახალი პროექტის განხორციელება მოსახლეობასთან და შესაბამის სპეციალისტებთან არაერთი კონსულტაციის შემდეგ შესაძლებელი გახდა. ბატონის ციხე თელავის სავიზიტო ბარათია. თანაც, ეს, ფაქტობრივად, ერთადერთი მეფის სასახლეა, რომელიც შემოგვრჩა და უფლება არ გვქონდა, მისი რეაბილიტაცია არასწორად განგვეხორციელებინა. დღეისათვის უკვე დასრულებულია სასახლის რეაბილიტაცია, რომელზეც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამჟამად მიმდინარეობს გალერეისა და ლანდშაფტის რეაბილიტაცია, რომელიც ოქტომბერში დასრულდება. ასევე, რეაბილიტირდება დანარჩენი ტერიტორიაც, რომელზეც „მუნიციპალური განვითარების ფონდთან“ აქტიურად ვთანამშრომლობთ.

რაც შეეხება მესამე პრიორიტეტს, ეს გახლდათ თელავის თეატრი, რომლის ფასადიც რეაბილიტაციის დროს დაამახინჯეს. თელავის თეატრი არ არის მხოლოდ შენობა, ეს არის დასი, რომელსაც 257-წლიანი ისტორია აქვს. აქედან გამომდინარე, ამ შენობასაც მნიშვნელობას სწორედ ამ დასის ისტორია სძენს. კულტურის სამინისტროსთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოვახდინეთ ფასადის დემონტაჟი, ხოლო შემდეგ – მისი სრული რეაბილიტაცია. ამ სამუშაოებისთვის მილიონნახევარი ლარი კულტურის სამინისტრომ გამოყო. ეს იყო ის სამი ძირითადი დაპირება, რომელიც მე წინასაარჩევნოდ გავეცი და გუნდთან ერთად შევასრულე.

– სამივე ეს პროექტი, ცხადია, მნიშვნელოვანია, თუმცა, არც ერთი მათგანი ადგილობრივი ბიუჯეტით არ განხორციელებულა. 2014 წლის რეფორმის შემდეგ თელავს საკუთარი ბიუჯეტი, შესაბამისად, შესაძლებლობა გაუჩნდა, რომ საკუთარი საჭიროებების მოგვარება თავისი სახსრებით დაეწყო. რა პროექტები განახორციელეთ ქალაქის ბიუჯეტით და ასევე, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მოზიდული თანხებით, რომელიც თქვენ მოიძიეთ?

– ქალაქის ბიუჯეტი საკუთარი შემოსულობებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის გარეშე, წელს 11 მილიონნახევარი ლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვეძლო ქალაქის პრობლემებზე რეაგირება. მაგალითად, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ბუნებრივად მოჰყვა გზების მოწესრიგების საკითხი, ვინაიდან მასიურად დაზიანდა გზის საფარი. თელავში 247 ქუჩაა საერთო სიგრძით 97 კილომეტრი. აქედან 50% სარეაბილიტაციო გახდა. გზების სრულ რეაბილიტაციას დაახლოებით 80 მილიონი ლარი სჭიდება, რასაც ქალაქ თელავის ბიუჯეტი, ცხადია, ვერ გასწვდება. თუმცა, ჩვენ ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი ვიყავით, რომელმაც მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაცია მოვახდინეთ და ეს თანხხები კაპიტალური პროექტებისკენ მივმართეთ. გარდა ამისა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით შევძელით, უამრავ ქუჩაზე გზის საფარი აღგვედგინა. თუ წინა წლებში რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა მილიონნახევრის ფარგლებში მერყეობდა, წელს ეს თანხა 5 მილიონამდეა.

2014 წელს თელავში 9 საბავშვო ბაღი იყო და არც ერთი მათგანის სამზარეულო თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ჩამტვრეული იყო ფანჯრები, ბაღები არ თბებოდა ცენტრალური გათბობის სისტემით და ისევ შეშის ღუმელები იდგა. არ იყო მოწესრიგებული სანიტარული კვანძები. ყველა ბაღში მოვაწესრიგეთ კვების ბლოკები. ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, ცხრავე ბაღი ცენტრალური გათბობის სიტემით აღვჭურვეთ. ახლა უკვე მათი ეტაპობრივი რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გარდა ამისა, 25 წლის შემდეგ, პირველად გათბა ჩვენი სპორტული კომპლექსები და, გარკვეულწილად, მოვსპეთ სეზონურობა სპორტში. რადგან სპორტზე ვსაუბრობთ, გეტყვით, რომ თელავს ფეხბურთის გუნდი ჰყავს, რომელიც წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ჩვენ გუნდის მეპატრონე კლუბს ინფრასტრუქტურა სარგებლობაში გადავეცით და შევთანხმდით, რომ დანარჩენი ხარჯები თავად გაეწია. დღეისათვის მუნიციპალიტეტს ამ კლუბის შენახვა 0 თეთრი უჯდება. ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომაა და მუნიციპალიტეტმა არ უნდა ხარჯოს თანხა იმაში, რაშიც კერძო ბიზნესმა შეიძლება დახარჯოს. დაზოგილი თანხები კი სხვა პროექტებისკენ მივმართეთ.

გარდა ამისა, დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ქალაქის დასუფთავებაში. 2014 წელს სამი ამორტიზებული ავტომანქანა და ერთი ნაგავმზიდი დამხვდა. 2014 წლიდან დღემდე, მთლიანად შევცვალეთ ტექნიკა, რაზეც მინიციპალური ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარამდე დავხარჯეთ. გარდა ამისა, ამერიკულმა მხარემ გადმოგვცა ნაგავმზიდი, რომლის ღირებულებაც 300 000 ლარია. დღეს ყველა აღნიშნავს, რომ ქალაქში დასუფთავების საკითხი ეფექტურად გადაიჭრა და თელავი ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქალაქია.

ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელებული პროექტების გარდა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითაც შევძელით პროექტების განხორციელება. ამის გამო 2015 წელს თელავი საუკეთესო მუნიციპალიტეტად დასახელდა, რადგან ჩვენი საგარეო ურთიერთობებით თელავს მილიონ ლარზე მეტი მოვუტანეთ. თელავთან დამეგობრებულმა გერმანულმა ქალაქმა ბიბერახმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ავტომანქანები გვაჩუქა. დღეისათვის ჩვენ მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე კარგად აღჭურვილი სახანძრო-სამაშველო სამსახური გვაქვს.

– როგორც ვიცი დაწყებულია მუშაობა ქალაქის სივრცით დაგეგმარებაზე. რა ეტაპზეა ეს საკითხი მიყვანილი და როგორ გაგრძელდება სამუშაოები მას შემდეგ, რაც ქალაქი თემის მუნიციპალიტეტთან გაერთიანდება

– ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქს თავისი სივრცითი მოწყობის გეგმა ჰქონდეს. ჩემი პირველივე სამუშაო კვირასვე შევხვდი გერმანელების ჯგუფს, რომლებსაც ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებაში დახმარება ვთხოვე. გარდა ამისა, ამ საქმეში ძალიან დაგვეხმარა კახეთის გუბერნატორი, რომელმაც ხვადასხვა დონორს დაგვაკავშირა. დოკუმენტის შემუშავება ამ დრომდე მიმდინარეობს. დოკუმენტის არსებობა აუცილებელია იმისათვის, რომ სწორედ დავგეგმოთ ჩვენი ქალაქი, იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ, რაც თბილისში დაუშვეს. თელავი ამ კუთხით გადარჩენილია და ეს უნდა შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, როდესაც ქალაქს აქვს განვითარების გენერალური გეგმა, იცის, რა კუთხით უნდა განვითარდეს და შესაბამისად, ინვესტორებსაც სწორად ეძებს. თავად ინვესტორებიც უფრო დაცულადაც გრძნობენ თავს, რადგან უფრო მეტად ხედავენ განვითარების შესაძლებლობებს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი ქალაქის სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანების შემდეგ, ვფიქრობ, ის არ უნდა შეფერხდეს. ცხადია, ამ ტიპის დოკუმენტის არსებობა ქალაქებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სოფლისთვის, თუმცა, ჩვენ გვქონია პრაქტიკა, როდესაც ერთიან მუნიციპალიტეტში ქალაქის გენერალური გეგმა ცალკე გაკეთდა და სოფლების – ცალკე. გვაქვს შემთხვევა, როცა გენგეგმა ცალკეულ ზონებზე შემუშავდა. მაგალითად, ახმეტის შემთხვევაში, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებისას ლოკომოტივი გახდა თუშეთი.

– თუმცა, რამდენად დარჩება გაერთიანებული მუნიციპალიტეტის ხელისუფლებისთვის ქალაქ თელავის გენგეგმის შემუშავება პრიორიტეტად, ამას, ბუნებრივია, თქვენ ვერ მეტყვით. გენგეგმის შემუშავებას პოლიტიკური ნება და შესაბამისი ფინანსები სჭირდება…

– გენგეგმა 300 000 ლარი ჯდება. ამის შემდეგ უნდა შემუშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც კიდევ უფრო ძვირადღირებული პროექტია. ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე, მაშინ, როცა გამოწვევა ბევრია, თანხა მცირე და შენ პრიორიტეტების განსაზღვრა გიწევს, რა თქმა უნდა, რთულია, ყველაფერს გაწვდე. მაგალითად, ქალაქში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების პრობლემა იდგა, დაახლოებით 12 კილომეტრზე ფეკალური მასები მდინარე ალაზანში ღიად ჩაედინებოდა. ცხადია, ამ პრობლემის მოგვარება პრიორიტეტული იყო. 16 მილიონით დააფინანსეს შვედებმა გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ეს პროექტი განახორციელა. ადამიანებს ვერ აუხსნი, რომ ბიუჯეტში ფული არ გყოფნის იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოაგვარო. ამიტომ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაა აუცილებელი.

– თვითმმართველობის რეფორმა შუა გზაზე გაჩერდა. მაგალითად, დღემდე არ მომხდარა ფისკალური დეცენტრალიზაცია, ისევე, როგორც შეფერხებულია სახელმწიფო ქონების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის პროცესი. ორივე ეს პროცესი რომ გაგრძელებულიყო, როგორ აისახებოდა ის ქალაქ თელავის ბიუჯეტზე ან გაგიიოლებდათ თუ არა ინვესტიციების მოზიდვას?

– რა თქმა უნდა, შენი შემოსავლები ადგილზე რჩება, რა თქმა უნდა, მეტი ფინანსური შესაძლებლობა გიჩნდება და მით უფრო ადეკვატურად პასუხობ გამოწვევებს. რომელი ქვეყნებისკენაც მივისწაფვით, იქ ამ სტანდარტებით მუშაობენ. მოგვცემდა თუ არა უფრო მეტ შედეგს, ცოტა რთულია პასუხის გაცემა. რაც შეეხება ქონებას, ქალაქი თელავი დიდ ქონებას არ ფლობს, თუმცა, მაგალითად, ბატონის ციხის გარშემო ჩვენ შეგვიძლია ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა შევქმქნათ და შემოსავლები მივიღოთ….

– მაგრამ არც ბატონის ციხეა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და ვერც ტურიზმიდან შემოსული თანხით იხეირებდა ადგილობრივი ბიუჯეტი…

– მთავარია, რომ სახელმწიფო მზად არის, საინტერესო პროექტების განხორციელების დროს ითანამშრომლოს ჩვენთან. ვცდილობთ, აღნიშნული სივრცე შემოსავლიანი გავხადოთ. მთავარია, ჩვენ ინვესტორები ვიპოვოთ და ამაზე სახელმწიფო ძალიან მოქნილად გვემსახურება. ამის გარდა, გავაკეთე მოთხოვნა ქალაქის სამხრეთ ნაწილის განვითარებისთვის 50 ჰექტრის გადმოცემის შესახებ და სახელმწიფომ ეს მოთხოვნა დამიკმაყოფილა. რაც შეეხება ფისკალურ დეცენტრალიზაციას, ის უნდა გაგრძელდეს, თუ გვინდა, რომ მუნიციპალიტეტები უფრო მეტად განვითარდეს.

– თვითმმართველობის რეფორმა ჯერ არ დასრულებულა. კანონმდებლობის რა ხარვეზებს წააწყდით საქმიანობაში, რომელმაც პრაქტიკაში არ გაამართლა და გამოსწორებას ისურვებდით?

– რა თქმა უნდა, არის გარკვეული ხარვეზები. ეს, ძირითადად, ეხება ისეთი საკითხების აღსრულებას, რომელიც ჩვენი უფლებამოსილებაა, მაგრამ აღსრულების მექანიზმი არ გვაქვს. მაგალითად, გარევაჭრობისა და პარკირების რეგულაცია. მაშინ, როდესაც ჩვენ გვყავს ზედამხედველობის სამსახური და გვაქვს რეგულაციები, არ გვაქვს აღსრულების მექანიზმი. პარკირებისთვის გამოვყავით ზონები, დავხაზეთ, მაგრამ არასწორი პარკირებისთვის დაჯარიმების უფლება მხოლოდ პოლიციას აქვს. ჩვენგან განხვავებით, თბილისსა და ბათუმს აღსრულების ეს მექანიზმი აქვთ.

– ადგილობრივი თვითმმართველობის უმთავრესი არსი საკუთარ მოსახლეობასთან ახლოს ყოფნაა. „თვითმმართველობის კოდექსში“ ჩართულობის მექანიზმები მკაფიოდ არის გაწერილი, თუმცა, თვითმმართველი ქალაქების, მათ შორის, თელავის, გაუქმების ერთ-ერთ არგუმენტად ცენტრალურმა ხელისუფლებამ ის დაასახელა, რომ არ გაიზარდა მოქალაქეთა ჩართულობა. რა მდგომარეობა გაქვთ ამ მხრივ თელავში?

– ჩანაწერი კანონში არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად რეალიზდება. ამ შემთხვევაში, ბევრი რამ თავად ადამიანებზეა დამოკიდებულია.

– თუმცა, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის ვალდებულება ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება…

– თელავი საზოგადოებრივად აქტიური ქალაქია. ამ ხნის მანძილზე მოსახლეობასთან ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ. განვიხილეთ ახალგაზრდების ინიცირებული საკითხები. ქალაქი თელავი პირველი მუნიციპალიტეტია, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხელშემწყობი სტრატეგიის შექმნა დაიწყო. ამ პროცესში თავად შშმ პირები იყვნენ ჩართული. მოქალაქეებთან კონსულტაციით იგეგმებოდა ბიუჯეტიც და ის პროექტებიც, რაც უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, უფრო მეტ ჩართულობას ვისურვებდი.

– თელავის საზოგადოება რომ აქტიურია, ეს თელავის საკრებულოს იმ სხდომაზეც დადასტურდა, სადაც ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების საკითხს განიხილავდნენ, თუმცა, ამ ადამიანებს არც ადგილობრივმა და არც ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ მოუსმინეთ. არადა, თავადაც, თავდაპირველად, თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის წინააღმდეგი იყავით. რა მოხდა, რატომ შეცვალეთ პოზიცია, ან რატომ არ მოუსმინეთ საკუთარ მოსახლეობას?

– ქალაქს გეოგრაფიული სტატუსი ჰქონდა, აქვს და ექნება ყოველთვის. ის, რომ ქალაქს თავისი როლი ჰქონდა ქვეყნის ისტორიასა და ეკონომიკის განვითარებაში, ეს უდავოა და ყოველთვის ასე იქნება. მას შემდეგ, რაც თელავი თვითმმართველი ქალაქი გახდა, საკუთარი ბიუჯეტი ჰქონდა და გარკვეულ გამოწვევებზე უფრო მეტად შევძელით გვეპასუხა.

– თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის მთავარი არსიც სწორედ ეს იყო – დამოუკიდებელი ბიუჯეტით ქალაქისთვის განვითარების ახალი შესაძლებობების გაჩენა. თქვენ კი, თვითმმართველი ქალაქის მოქმედმა მერმა და საკრებულომ, რომლებმაც ყველაზე უკეთ დაინახეთ რეფორმის სიკეთე, ამაზე უარი თქვით. რატომ?

– ამ შემთხვევაში მხოლოდ მუნიციპალიტეტის გეოგრაფია იზრდება, მაგრამ ბიუჯეტი არ მცირდება, ამას ჰპირდება მოსახლეობას ცენტრალური ხელისუფლება. ამიტომაც, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო უკვე აღარაფერი რჩება. ქალაქს ხელფასების და ა(ა)იპ-ების ხარჯი, რეალურად, საკმაოდ დიდი ჰქონდა. კარგი იქნება, თუ ეს თანხები მობილიზდება და კაპიტალური პროექტებისკენ მიიმართება.

– მათ შორის, თუ ამით ზარალდებიან მოქალაქეები და ადგილობრივი დემოკრატია?

– და რატომ გგონიათ, რომ დემოკრატია ზარალდება? მოდი, ასე ვთქვათ – დემოკრატიაც ფული ღირს.

– დემოკრატიას ნამდვილად აქვს თავისი ფასი. ის შეიძლება ძვირიც ღირდეს, მაგრამ სახელმწიფომ ამის გამო დემოკრატიაზე უარი უნდა თქვას? თავად თქვით, რომ მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული არეალი იზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოფლებს და ქალაქს კვლავ მოუწევთ ბიუჯეტის გაყოფა, კვლავ გართულდება სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად დაშორდება მოსახლეობას, რაც ადგილობრივ დემოკრატიას დააზარალებს. სავარაუდოდ, თავდაპირველად თქვენც ამასვე ფიქრობდით და ამიტომაც იყავით ქალაქის კვლავ თემთან გაერთიანების წინააღმდეგი. შემდეგ რა მოხდა?

– ჩემი პირველი კომენტარი იყო ასეთი. თუ პირდაპირ გკითხავენ, რომ ქალაქი თელავი უნდა იყოს თუ არა თვითმმართველი ქალაქი, ასე, უბრალოდ, ყოველგვარი არრგუმენტების გარეშე, ვიტყვი, რომ კი, უნდა იყოს. თუმცა, ცენტრალურ ხელისუფლებას თავისი ახსნა აქვს და, თუ ამ არგუმენტებს მოვუსმენ, რა თქმა უნდა, დავფიქრდები. ჩვენ რომ გავიდეთ ქალაქში და ხალხს ავუხსნათ, რა არის თვითმმართველი ქალაქი, მაგრამ თუ თვითმმართველი აღარ იქნება, 1 მილიონი ლარი, რასაც საჯარო მოხელეების ხელფასებზე ვხარჯავდით, დაიზოგება და ამით დამატებით სხვა პროექტებს განვახორციელებთ, რა თქმა უნდა, ყველა დასთანხმდება.

– თუ ჩვენ სწორად ავუხსნით, რა არის თვითმმართველი ქალაქი, დარწმუნებული ვარ, არავინ დასთანხმდება. ეს საკრებულოს სხდომამაც დაადასტურა. გარდა ამისა, სტრუქტურის ოპტიმიზაციით შეგეძლოთ ხარჯების შემცირება. ამისთვის ქალაქებს თვითმმართველობის უფლებას არ ართმევენ.

– ქვეყანაში 70-მდე მუნიციპალიტეტი არსებობს, რესურსი კი მცირეა. ჩვენ და თელავის თემის მუნიციპალიტეტს გაყოფის შემდეგ ა(ა)იპ-ები გაგვიორმაგდა.

– მუნიციპალიტეტების გაყოფას ა(ა)იპ-ების ავტომატური გაორმაგება არ გამოუწვევია. ასეც რომ ყოფილიყო, თქვენ შეგეძლოთ, გარკვეული სფეროები ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის ფორმატში გემართათ.

– საბავშვო ბაღების კუთხით თუ ვიმსჯელებთ, გაიყო. ადმინისტრაცია გაორმაგდა, შესაბამისად, გაორმაგდა ხარჯიც და ა.შ.

– თქვენ ამბობთ, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ყველა ა(ა)იპ-ი, რომელიც ახლა ქალაქსა და თემში ფუნქციონირებს, გაერთიანდება?

– მე არ ვიძახი,რომ 100%-ით ოპტიმიზაცია მოხდება, მაგრამ გარკვეული ოპტიმიზაცია ნამდვილად მოხდება. მე ვარ იმის მომხრე, რომ თანხა მაქსიმალურად იხარჯებოდეს კაპიტალურ პროექტებზე და ადამიანებმა ამით კონკრეტული სიკეთეები იგრძნონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს ქალაქს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კაპიტალურ პროექტებს თანხები მოაკლოს და მიმდინარე ხარჯები დააფინანსოს. ქალაქი ოდესღაც მივა მაგ ეტაპამდეც, როდესაც მას ექნება ნაპასუხები ყველა ძირითად გამოწვევაზე და შემდეგ შეიძლება ისევ ვიფიქროთ იმაზე, რომ ქალაქი თელავი იყოს თვითმმართველი ქალაქი. როგორ შეიძლება ქალაქმა თანხები გაუშვას ხელფასებზე, როდესაც დღეში 2-ჯერ აქვს წყალმომარაგება? ქუჩების 80%, 200 ქუჩა, არის სარეაბილიტაციო? არჩევნის გაკეთება გვიწევს, რას დავახარჯოთ ფინანსური შესაძლებლობები – იმ კონკრეტულ სიკეთეებს, რომელიც ქალაქის ყველა მოსახლისთვის იქნება გამოყენებადი, თუ რამდენიმე ადამიანის ხელფასს.

– აქამდე არ იყო გამოყენებადი? თქვენ ხომ თქვით, რომ წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება სწორედ თქვენ დაიწყეთ მას შემდეგ, რაც ქალაქის უმთავრეს პრიორიტეტად დასახეთ? მანამდე ფაქტია, რომ ეს პრიორიტეტი არ ყოფილა.

– აქამდე იყო გამოყენებადი, თუმცა, რესურსი იყო მცირე. ამ პროექტების მასშტაბი შეიძლება გავზარდოთ.

– თქვენ რასაც ამბობთ, გამოდის, რომ თქვენი და ქალაქის საკრებულოს არსებობა გაუმართლებელი იყო, იმიტომ, რომ ვერაფერი გააკეთეთ?

– მე მაგას არ ვამბობ. დარწმუნებული ვარ, გაერთიანებული მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც, ქალაქისთვის ისეთივე ეფექტური ვიქნებოდი, როგორიც ამ სამ წელში ვიყავი. ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ სწორი მენეჯმენტი მქონდა.

– თუ ასეა, რატომ დააყენა „ქართულმა ოცნებამ“ მერობის სხვა კანდიდატი? ვიცით, რომ თავდაპირველად კანდიდატად თქვენ განგიხილავდათ, თუმცა, ბოლოს სხვა წარადგინეს. თუ გაქვთ ინფორმაცია, რატომ შეცვალა პარტიამ გადაწყვეტილება?

– მე მზაობა გამოვთქვი, რომ კენჭი მეყარა მერობის კანდიდატად. რამდენადაც ვიცი, ამის შემდეგ პარტიის მიერ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, არჩევანი ამჟამინდელ კანდიდატზე შეჩერდა, რაც ჩვეულებრივი ამბავია. მე მას წარმატებას ვუსურვებ.