მარნეულის მერობის კანდიდატად კენჭს თეიმურაზ აბაზოვი იყრის, ამირან გიორგაძე კი საკრებულოს სიის პირველი ნომერი იქნება

655

„ქართული ოცნების“ პოზიცია უცვლელია – პარტიის გადაწყვეტილებით, მარნეულის მერობის კანდიდატად კენჭს თეიმურაზ აბაზოვი იყრის. რაც შეეხება მარნეულის მერობის ყოფილ კანდიდატს, ამირან გიორგაძეს, ის საკრებულოს სიის პირველი ნომერი იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემგიორგაძის მხარდამჭერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკება დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, როგორც გიორგაძის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, მალხაზ სამაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი მერობის ყოფილი კანდიდატის მხარდამჭერებად რჩებიან და მათთვის პარტიის პოზიცია მიუღებელია. რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა კი, რომლებიც პარტიის ლიდერებთან მოსალაპარაკებლად იყვნენ შესული, შენობის დატოვების შემდეგ მედიასთან ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მარნეულის მერობის კანდიდატის ცვლილების შესახებ გახდა ცნობილი, გიორგაძის მომხრეებმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში მერობის კანდიდატი “ქართულმა ოცნებამ” რამდენიმე დღის წინ შეცვალა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი