ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის რეაბილიტაციის პროექტი დამტკიცდა

949

ისტორიული თატრის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება და 2 წელში დასრულდება. ამის შესახებ თეატრის 149-ე სეზონის გახსნის ცერემონიალზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ განაცხადა. “ბედნიერი ვარ რომ ამ უმნიშვნელოვანეს ამბავს მე გაცნობებთ, დღეს ხელი მოეწერა და ვიწყებთ ზუგდიდის ისტორიული თეატრის სრულ რეაბილიტაციას, რისთვისაც დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. ახალ თეატრს ექნება ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი. დიდი დარბაზი გათვლილია 370 მაყურებელზე, მცირე დარბაზი კი 130 მაყურებელზე. თეატრს ექნება სახელოსნო, საგრიმიორო, სამკერვალო, საკონფერენციო დარბაზი, კაფე, განთავსდება სასტუმრო. გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. დამონტაჟდება განათების, გახმოვანების უახლესი აპარატურა, რისთვისაც 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს ჩვენი თეატრისთვის ახალი სიცოცხლეა და მიხარია, რომ წლობით არსებული პრობლემა გვარდება. გილოცავთ ყველას ამ ძალიან სასიხარულო ამბავს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებს ფონდი “ქართუ”, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მადლობა კულტურის სამინისტროს და ზუგდიდის მერიას გაწეული სამუშაოებისთვის. მადლობა თეატრის თითოეულ თანამშრომელს მოთმინებისა და გამძლეობისთვის. ორ წელიწადში ჩვენ ერთად დავესწრებით პრემიერას ახალ თეატრში”. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 149-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო, სადაც სპექტაკლის „ტოიპელე და მისი დემონი“-ს პრემიერა გაიმართა.

სპექტაკლის პრემიერას მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად, ქალაქ ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გია გულორდავა, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და თეატრმცოდნეები ესწრებოდნენ.