ზუგდიდის სოფელ ახალკახათში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

644

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში, ევროპული სტანდარტების ორსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. თანამედროვე სკოლამდელი აღმზრდელობის დაწესებულება დღეს ზუგდიდის გამგებელმა ლაშა გოგიამ, ბაღის აღსაზრდელებთან ერთად გახსნა. ზუგდიდის გამგებელმა ბაღის აღსაზრდელებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ახალი საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში სამი ჯგუფი განთავდა. სამივე მათგანს ინდივიდუალური საკონცერტო დარბაზი, სამზარეულო, სველი წერტილი და გარდერობი აქვს. საბავშვო ბაღი შშმ პირთათვის ადაპტირებულია. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ბაღი სრულად აღიჭურვა ახალი ინვენტარით. მოწესრიგდა საბავშვო ბაღის ეზო და სათამაშო ზონა, დამონტაჟდა ატრაქციონები.

აქამდე ახალკახათში მცხოვრები პატარები სკოლამდელ განათლებას ნაქირავებ, კერძო სახლში იღებდნენ, ახალკახათის საბავშვო ბაღის ძველი ხის შენობა ავარიული იყო.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონებში განსახორცელებელი პროექტების ფონდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით გახდა შესაძლებელი. ბაღის მშენებლობისთვის 630 000 ლარი დაიხარჯა. ახალი ინვენტარის შეძენა კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა და 27 ათასი ლარი დაიხარჯა.

ბაღის გახსნას მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.