მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი 260 ათასზე მეტ მოქალაქეს აქვს მინიჭებული

1312

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი 260 ათასზე მეტ მოქალაქეს აქვს მინიჭებული, ხოლო დამატებითი სოციალური შეღავათით მოსარგებლეა 87470 ბენეფიციარი, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ანგარიშში წერია.

2017 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, კანონით პირდაპირ განსაზღვრული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების (ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა), მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 42 მუნიციპალიტეტის 1739 დასახლებას აქვს მინიჭებული, ხოლო მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მინიჭებული აქვს 261 საწარმოს.

“მთის განვითარებისთვის მიმდინარე და მომდევნო წლებში სახელმწიფო დამატებით 60-80 მილიონ ლარს გაიღებს”, – ნათქვამია ანგარიშში. საპარლამენტო კომიტეტის ინფორმაციით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი განისაზღვრა 20 მილიონი ლარით, რომელიც შემდგომ 6 მილიონით გაიზარდა. დამატებითი რესურსი წარიმართება მაღალმთიანი რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების (სათიბები და საძოვრები) რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისთვის.

კომიტეტის ცნობით, 2016 წლიდან დაიწყო ყოველთვიური ფულადი დახმარების გაცემა იმ ბავშვებზე, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი. აღნიშნული შეღავათის
გასაწევად, 2016 წელს 2 მილიონ ლარამდე გაიხარჯა.

“სოციალური დახმარების სახით დანამატი გაიცემა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსიის 20%-ის ოდენობით. ამ მიზნისთვის 2016 წელს 8.5 მილიონი ლარი გაიხარჯა.

დაახლოებით 1 მილიონი ლარით დაფინანსდა სოციალური პაკეტის 20%-ის დანამატი, რაც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ სოციალური პაკეტის მიმღებ პირებზე გაიცემა. შეღავათებით სარგებლობენ, ასევე, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის მასწავლებლები, ექიმები, სპორტსმენები, მწვრთნელები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები, ბიზნესის დაწყების მსურველები. სულ, ამ მიზნით, გასულ წელს 17 მილიონ ლარი დაიხარჯა”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომიტეტის წარმომადგენლები თვლიან, რომ ხელისუფლების მიერ დადგენილი შეღავათები მნიშვნელოვანია
ნაბიჯია იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მთაში დამაგრდეს, ხოლო ბარში მცხოვრებ
ადამიანებს მთაში დასახლების ინტერესი გაუჩნდეთ.

“კომიტეტის აპარატი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში. მომზადებულია შესაბამისი დოკუმენტის პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში
განიხილავს”, – აცხადებენ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტში.