გზების დეპარტამენტს ხეების მოჭრაზე თანხმობის გაცემის უფლება ენიჭება

1004

„საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილები შედის.

წარმოდგენილი კანონპროექტით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილი ხდება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ, გზის ღერძიდან ორივე მხარეს,  გასცეს წერილობითი თანხმობა ხეების მოჭრისა და მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირების თაობაზე, იმ შემთხვევების გარდა, თუ ხე-მცენარეები მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზეა, საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზეა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე და დაცულ ტერიტორიებზეა.

ამ პროცედურით მიღებული რესურსის ტრანსპორტირებისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემასა და მიღებული მერქნული რესურსის სპეციალური ფირნიშებით მარკირებას განახორციელებს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტო. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტო. ეს რესურსი დასაწყობდება მათ მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, შესაბამის შემთხვევაში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მარშრუტს განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურდიული პირი – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი.

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ უკვე განიხილა და მას პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირაში გაიტანენ.