რუსთავის სამ ბაგა-ბაღში ენერგოეფექტური რეაბილიტაცია დასრულდა

856

ახლად რეაბილიტირებული ბაღის შენობა დღეს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მაღლაკელიძემ, ქალაქის მერის მოადგილემ, დავით ლობჟანიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილემ, კახა კობერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა: ნინო ლომიძემ, გოჩა შავაძემ და ,,მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის’’ დირექტორმა კარინა მელიქიძემ დაათვალიერეს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ევროკავშირისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ააიპ „მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა“, 2015-2017 წლებში, ევროკავშირისა და, მერების შეთანხმების „სადემონსტრაციო პროექტების“ (CoMDeP) ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, განახორციელა პროექტი – „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“.
808 765 ევროს ღირებულების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ქალაქ რუსთავში #6, #40 და #41 საბავშვო ბაღების თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით და სისტემებით აღჭურვას, ევროკავშირმა 646 527, ხოლო რუსთავის მერიამ 162 238 ევროთი დაააფინანსა.

პროექტის ფარგლებში სამივე ბაღში დამონტაჟდა ენერგოეფექტური კარ-ფანჯარა თბოსაილოზაციო ფირებით, ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემები (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო და ახალი ელექტროტექნიკური სისტემები, მოხდა შენობის გარე კონსტრუქციების)კედლების, სახურავის, იატაკის, სარდაფის, ჭერის) თბოსაიზოლაციო ფილებით დათბუნება.

#6, #40 და #41 საბავშვო ბაღებში დანერგილი ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ქალაქს დაეხმარება „მერების შეთანხმებაზე“ ხელმოწერის შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებაში, ბაღის აღსაზრდელებისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნასა და გადასახადების შემცირებაში.

2011 წელს, ქალაქი რუსთავი ევროპის საერთო ხედვას შეუერთდა და ხელი მოაწერა ,,მერების შეთანხმების“ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, 2020 წლისათვის, ქალაქის ტერიტორიაზე CO 2 -ის გამოფრქვევის 20%-ით შემცირებაზე აიღო ვალდებულება.