„ასე უწყობენ გილიოტინებს ახალგაზრდებს რეგიონში“ – რას ითხოვენ ახალგაზრდები ადგილობრივი ხელისუფლებისგან

1190

„ასე უწყობენ გილიოტინებს ახალგაზრდებს რეგიონში. კარგად შეინახეთ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტები თაროებზე…“- ამ სიტყვებით მიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს სოციალური ქსელის საშუალებით ქალაქ წნორში არსებული „ცოდნის კაფეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, არასამთავრობო ორგანიზაციის – „სამოქალაქო ინიციატივა“ წევრმა ნანა ბაგალიშვილმა.

ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლის ამ პრეტენზიას ფართო განხილვა მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს ახალგაზრული პოლიტიკა აქვს და ახორციელებს კიდეც. „ცოდნის კაფესთვის“ შექმნილ პრობლემებზეც თავისი არგუმენტები აქვს – ორგანიზაციასა და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც 50 კვადრატულიანი ოთახი, რომელშიც „ცოდნის კაფე“ იყო განთავსებული, სხვა ორგანიზაციას გადაეცა. „სამოქალაქო ინიციატივა“, სირთულეების მიუხედავად, საქმიანობას აგრძელებს – ახორციელებს პროექტებს და ეძებს რესურსებს „ცოდნის კაფეს“ ასაშენებლად…

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად“,  ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი ხელისუფლების საკუთარი კომპეტენციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და ამ დოკუმენტის შესაბამისად ქმნიდეს ადგილზე ახალგაზრდების ცხოვრების, განვითარებისა თუ რეალიზაციისთვის სათანადო პირობებს.

ამ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას ჩვენი რესპოდენტებიც:

ნათია ჯანიაშვილი:  წნორს ქალაქის სტატუსი აქვს მინიჭებული და, რეალურად, კულტურის სახლიც კი არ გვაქვს, უფრო სწორად, ავარიულ მდგომარეობაშია და ასეთ არსებობას რა აზრი აქვს?! ახალგაზრდების სოფლად დაბრუნება დასაქმების პრობლემას უკავშირდება. ჩვენთან ისეთი პროგრამები უნდა განხორციელდეს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ ჩართვას თუნდაც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. ახალგაზრდები პერსპექტივას უნდა ხედავდნენ.

ნიკა ჯავაშვილი, 22 წლის: წნორში  ერთადერთი თავშეყრის ადგილი ეკლესიის ეზოა. აქ არანაირი გასართობი არ არის. ჩვენთან უბრალოდ დასასვენებელი და სასაუბრო სივრცეც კი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით „ცოდნის კაფეს“, რომელიც   ადგილობრივ ახალგაზრდებს ეხმარება, საინტერესოდ გაატარონ დრო,  პერიოდულად ეწყობა კინოჩვენებები. თუმცა ვთვლი, რომ ახალგაზრდების თავშეყრისთვის  უფრო მოსახერხებელი და სასიამოვნო იქნება ისეთი ღია სივრცე, როგორიცაა პარკი, ან თუნდაც სკვერი. გარდა იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ახორციელებდეს პროექტებს,  რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმებას,  ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა ზრუნავდეს  ისეთი ცენტრების არსებობაზეც,  რაც   ახალგაზრდების რეგიონში დამკვიდრების გარანტია.

სათემო განვითარების ცენტრის მიერ, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით, 2017 წელს ჩატარდა კვლევა სახელწოდებით: „კულტურის სფეროს მართვა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში“.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც კულტურის სერვისის მიწოდებაში არიან ჩართული, ნაკლებად მუშაობენ ქსელურად, რაც ხელს უშლის კულტურის პოლიტიკის ეფექტურად დაგეგმვასა თუ განხორციელებას. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტი მდიდარია კულტურული ნაგებობებით (13 კულტურის სახლი, 19 ბიბლიოთეკა, 9 მუზეუმი და 8 სამუსიკო სკოლა) თუმცა, უმეტესობა არ ფუნქციონირებს, ზოგი კი საერთოდ დანგრევის პირასაა.

ყველა მიზნობრივი ჯგუფი  ერთხმად აღნიშნავს, რომ სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კუთხით, ძირითად, ბარიერს ადეკვატური, მიზნების და მასშტაბების შესაბამისი, ინფრასტრუქტურულად გამართული სივრცეების ნაკლებობა წარმოადგენს, განსაკუთრებით სოფლად. ფუნქციური თვალსაზრისით კი, კვლევაში მონაწილე ადამიანები განსაკუთრებით აღნიშნავენ საშუალო და მცირე ზომის შეხვედრის ადგილების ნაკლებობას.

კვლევის ერთ-ერთ რეკომენდაციად განისაზღვრა მუნიციპალიტეტიდან წასულ ახალგაზრდებთან კავშირის შენარჩუნება, მათი რესურსის გამოყენება მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სერვისების გაუმჯობესებისთვის.

2 წლის წინ ქალაქ წნორში საინიციატივო ჯგუფმა  „ცოდნის კაფე” დაარსა, რომლის მიზანია  ახალგაზრდებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, საინტერესო ლიტერატურის მიწოდება, არააკადემიური განათლების მიცემა, აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.

როგორც ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წარმომადგენელი ნანა ბაგალიშვილი ამბობს, ახალგაზრდების ამ წამოწყებას მუნიციპალიტეტმა მხარი არ დაუჭირა: „იმის მიუხედავად, რომ სხვა ქვეყნებსა თუ  მუნიციპალიტეტებში ასეთ წამოწყებებს დადებითად ეკიდებიან, ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან  არანაირი თანადგომა არ გვქონდა,  საბოლოოდ კი, სხვა დაფინანსებებისა და პროექტის მეშვეობით განვახორციელეთ ეს იდეა,  მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადმინისტრაციული შენობის 40 კვ.მ. ოთახი თვეში ასი ლარის სანაცვლოდ მოგვაქირავა. ოთახი გავარემონტეთ ჩვენი ხელით, წყალი შევიყანეთ, ავეჯი შევიტანეთ, ფანჯრები შევღებეთ, საბოლოოდ კი ეს ფართი სხვის ხელში აღმოჩნდა. იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდებს ხელს უწყობდნენ, მუნიციპალიტეტში ამ კუთხით არანაირი წინსვლა არ იგრძნობა.“

რესპონდენტის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შექმნას პატარ-პატარა პროექტები ახალგაზრდებისთვის, მისცეს არააკადემიური ცოდნის მიღების შესაძლებლობა, გაათვითცნობიეროს პროექტების მართვაში და დაეხმაროს თუნდაც ისეთი იდეების განხორციელებასა და დაფინანსებაში, როგორიცაა, მაგალითად, პარკის დასუფთავება.

ნანა ბაგალიშვილი ყურადღებას ბიუჯეტზეც ამახვილებს. მისი თქმით, ახალგაზრდული ღონისძიებების დასაფინანსებლად ადგილობრივ ბიუჯეტში არასაკმარისი ფინანსები გამოიყოფა, მაგრამ უარესი ისაა, რომ ეს მცირეოდენი თანხაც კი, ხან გაუხარჯავი რჩება, ხან კი გადანაწილება სხვადასხვა მუხლში უწევთ.

ბაგალიშვილის მოსაზრებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნოდარ მევლუფიშვილი, ცხადია, არ ეთანხმება.  მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებისთვის უამრავ ღონისძიებას აკეთებს.

„გაიხსნა რამდენიმე მინისტადიონი და გეგმაშია კიდევ რვა ამ ტიპის მოედნის გახნა. ასევე, ეწყობა ექსურსიები, კონცერტები, ახალგაზრდებს  ვგზავნით თეატრებში და ა.შ  სწორედ ამ საქმინობას ხმარდება გამოყოფილი ფინანსები და არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ეს თანხა ახალგაზრდების სასიკეთოდ არ გახარჯულიყო“, – ამბობს გამგებლის მოადგილე.

რაც შეეხება  „ცოდნის კაფესთვის“ ფართის ჩამორთმევას, მევლუფიშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციამ უარი თქვა ფართის იჯარაზე, რის შემდეგაც ოთახი სხვა ორგანიზაციაზე გაქირავდა. „როგორც ჩვენთვის ცნობილია, „ცოდნის კაფეს“ გააჩნია საკუთარი დაფინანსება და თავიანთ საქმიანობას სხვა ფართზე ეწევიან“, – ამბობს გამგებლის მოადგილე.

დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების იურიდიული მხარე ერთი მიმართულებაა, მეორეა, რას აკეთებენ რეალურად მუნიციპალიტეტები ახალგაზრდების ადგილებზე დასამაგრებლად.

კახეთის რეგიონის განვითარების ეროვნულ სტრატეგიაში, რომელიც რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებისთვის სამოქმედო დოკუმენტს წარმოადგენს, ერთ-ერთ ამოცანად ახალგაზრდების მიგრაციის შეჩერება სახელდება.

„ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის (სპორტული მოედნები, ახალგაზრდული კლუბები და ა.შ.) შექმნა გაგრძელდება; ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზრდება, რის შედეგად შემცირდება ახალგაზრდების მიგრაცია“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

აქვე წერია, რომ „მოხდება არაფორმალური განათლების ობიექტების მდგომარეობის შესწავლა; ჩატარდება ამ ობიექტების რეაბილიტაციისთვის საჭირო განფასება, მოხდება საჭიროებების ბიუჯეტში გათვალისწინება და შესაბამისი სამუშაოების შესრულება“.

უწყობს თუ არა მუნიციპალიტეტების საქმიანობა ხელს სტრატეგიით დასახული ამოცანების შესრულებას, ამაზე, უპირველეს ყოვლისა, კვლევები და მათი შედეგები მეტყველებს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, აქ ვერც ძველი, საბჭოთა საჯარო სივრცეების რეაბილიტაცია მოხერხდა და ვერც ახალი სივრცეების შექმნა. სამოქალაქო აქტივიზმი კი, რატომღაც, დასჯადია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის მონაცემებით, ქვეყნიდან გასულთა ყველაზე დიდ რაოდენობას 20-29 წლამდე ახალგაზრდები წარმოადგენენ, რეგიონულ ჭრილში კი, ყველასთვის კარგად ცნობილია “ქალაქში წასვლისა და უკან არდაბრუნების პრინციპი”.

ფაქტია, უპერსპექტივობის გამო სოფლებს ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ. ახალგაზრდული პოლიტიკა კი რეგიონული თუ მუნიციპალური განვითარების სტრატეგიებში ყვითელ ფურცლებად რჩება.