თუ არსებობ, მაშინ იყავი თვითმმართველი…

887

ავტორი:

კოკა კიღურაძე – მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი

თითქმის 25 წელი გავიდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. დამოუკიდებლობა, ანუ თვითმმართველობის უფლება, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და, ამავდროულად, ვიყოთ ღირსეული პარტნიორი სხვა სახელმწიფოებისთვის, უზარამაზარ სივრცეში მოტრიალე პატარა დედამიწაზე. თვითმმართველობის უფლება, ჩემი აზრით, არის ბუნებითი უფლება, იმადგვარი, როგორიც არის სიცოცხლის, საკუთრების,  პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუცია, არც მოქმედი და არც პროექტი, თვითმმართველობის უფლებას არ აყენებს ადამიანის უფლებათა შორის. მოდის დრო (და უკვე მოსულია კიდეც), რომ თვითმმართველობა აღიარებული იყოს ადამიანის უფლებად და ამის აღიარება ჩვენს კონსტიტუციასაც მოუწევს.

თვითმმართველობა, როგორც დემოკრატიის წეს-წყობილების საფუძველი, შეიძლება განხორციელდეს როგორც პირდაპირი, ისე წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფორმების გამოყენებით. ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად, გამოიყენება წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფორმები – ვირჩევთ, მთელს ჩვენს უფლებებსაც და პასუხისმგებლობებსაც გადავცემთ არჩეულს, შემდეგ არჩეული ასრულებს მისი წარმდგენი ძალის (პოლიტიკური პარტიის) ნებას, ამრჩევი ძალა (ხალხი) ბრაზდება, ან არ ბრაზდება და ირჩევს იგივეს, ან სხვას და მაინც იგივეს. ეს არის სისტემა, ანუ მოჯადოებული წრე, რომელზეც აგერ უკვე 25 წელია, დავდივართ და ვივლით იქამდე, სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ თვითმმრთველობა ჩვენი უფლებაა და ჩვენ ეს უფლება ყოველდღიურად უნდა მოვიპოვოთ, ის უნდა გამოვტაცოთ კონსტიტუციის ავტორებს, ადგილობრივ მმართველობას, მინისტრებს, ნამინისტრალებს, პარტიებს, უფროსებს და იმათ უფროსებს.

თვითმმართველობა, დემოკრატიის წარმომადგენლობით ფორმებთან ერთად, უნდა ხორციელდებოდეს პირდაპირი ფორმების გამოყენებითაც, როგორიცაა: სამოქალაქო ბიუჯეტი, ადგილობრივი რეფერენდუმი, დასახლების საერთო კრებები. ხალხს უნდა გააჩნდეს ძლიერი მექანიზმები, გავლენა მოახდინოს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესზე, არა მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ, არამედ ყოველდღიურად.

უფრო ნათელი რომ გავხადოთ საგანი, რაზე ვსაუბრობთ, რას ვითხოვთ, რა არის თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილოების მიზანი და ამოცანა? – ეს არის ხალხის შესაძლებლობა და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების მოვალეობა, რომ სოფლებსა თუ ქალაქებში მცხოვრებმა ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტონ საკუთარ დასახლებებში თუ უბნებში საბავშვო ბაღებთან, შიდა გზებთან, წყალმომარაგებასთან, კანალიზაციასთან, მუნიციპალურ ტრანსპორტთან, სივრცით მოწყობასთან, სასაფლაოებთან, დასუფთავებასთან, პარკირებასთან, გამწვანებასთან, გარეგანათებასთან, ბიბლიოთეკებთან, სპორტულ მოედნებთან დაკავშირებული საკითხები.

რა შეიძლება მოხდეს, თუ ამ საკითხებს გადაწყვეტენ კონკრეტულ სოფლებსა თუ ქალაქებში მცხოვრები ადამიანები საკუთარი არჩეული წარმომადგენლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ფორმების გამოყენებით. პირველი – საკითხები გადაწყდება უფრო ნაკლები დანახარჯით; მეორე – მოქალაქეთა მონაწილოებით საკითხების გადაწყვეტა გამოიწვევს მოქალაქეთა გაზრდილ კმაყოფილებას; მესამე – საკითხები გადაწყდება მოქალაქეთა მწვავე პრიორიტეტების გათვალისწინებით; მეოთხე – მოქალაქეთა მონაწილოებით გადაწყვეტილი საკითხები იქნება მათ საჭიროებებზე მორგებული; მეხუთე – პრობლემის გადაწყვეტისას მიღწეული შედეგი იქნება უფრო მდგრადი; მეექვსე – ცენტრალურ ხელისუფლებას გამოუთავისუფლდება რესურსი და საშუალება ექნება, უფრო ეფექტიანად იზრუნოს ცენტრალური მნიშვნელობის საკითხებზე, მეშვიდე – მოქალაქეებს გაუჩნდებათ საკუთარი სოფლის, ქალაქის, საკუთრების განცდა, ისინი ისწავლიან თვითმმართველობას და შეწყვეტენ ამ მოჯადოებულ წრეზე სიარულს.

დაბოლოს, მაშინ, როცა XXI საუკუნეში ხელისუფლება ცდილობს, მოქალაქეებს ჩამოართვას უფლება, რომ საკუთარი ქალაქი მართონ დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 700 წელს, ჩინელი ფილოსოფოსი ლაო ძი ხელისუფლებას მოუწოდებდა:

„მიდი ხალხთან, იცხოვრე მათ შორის, ისწავლე მათგან, გიყვარდეს ისინი, დაიწყე იმით, რაც მათ იციან, აშენე იმით, რაც მათ აქვთ, მათ საუკეთესო ლიდერებთან ერთად, როცა აღმშენებლობა დასრულდება, როცა დასახული ამოცანები გადაიჭრება, ხალხი იტყვის – ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ თვითონ!“

სწორედ ეს არის ხელისუფლების სიძლიერის ფორმულა, როცა ის შეძლებს იმდაგვარი მმართველობის ორგანიზებას, როცა ხალხს რჩება განცდა იმისა, რომ ეს კეთდება მათთვის და მათ მიერ, ხოლო ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეთა მონაწილეობაზე დაფუძნებული რეალური თვითმმართველობის უზრუნველყოფა, რომელიც სწორედ აქტიური სამოქალაქო ჩართულობით უნდა შევქმნათ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა.