თბილისის მერიამ წყნეთში 1317 ძირი მავნებლებით დაზიანებული, ხმელი და ზეხმელი ხე მოჭრა

935

თბილისის მასშტაბით ტყის სანიტარული ჭრები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მავნებლებით დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები წყნეთში მიმდინარეობს, სადაც 1317 ძირი მავნებლებით დაზიანებული, ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრა.

მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი ხეები მოიჭრა ასევე კოჯორში, ოქროყანაში, კუს ტბაზე, ბეთანიაში, შინდისში, მთაწმინდის მიდამოებში, გლდანსა და ავჭალაში.

“თბილისის მერიის გამწვანების სამსახური სანიტარულ ჭრებს პერიოდულად ახორციელებს. აღნიშნული ღონისძიებები შეზღუდავს დედაქალაქის მასშტაბით მცენარეთა მავნებელი დაავადებების გავრცელებას და შესაბამისად, მცენარეული საფარის ხმობას”, – აცხადებენ მერიაში.

უწყების ცნობით, 2013-2015 წლებში თბილისის შემოგარენის ფიჭვების კვლევისას დაფიქსირდა შემდეგი მავნებლები: ქერქიჭამიები, ლაფნიჭამიები და ხარაბუზები, აგრეთვე დაავადებების გამომწვევი სოკოები, რომელთაც დააჩქარეს დასუსტებული ხეების ხმობის პროცესი.

“მერიამ დედაქალაქში არსებული ფიჭვნარები დეტალურად გამოიკვლია და ფიტოსანიტარიული მდგომარეობა შეაფასა, რომლის გათვალისწინებითაც მოგვიანებით რეაგირების ღონისძიებების გეგმა შეიმუშავა”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.