არჩევნებზე დასაკვირვებლად ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს რეგისტრაციის ვადა 11 ოქტომბრამდე აქვთ

1167

იმისათვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დააკვირდნენ, მათ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია “საარჩევნო კოდექსის” 39-ე და მე-40-ე მუხლების შესაბამისად უნდა გაიარონ. არჩევნებზე დასაკვირვებლად ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს რეგისტრაციის ვადა 11 ოქტომბრამდე აქვთ.

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს ცესკო.

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

განცხადება, რეგისტრაციაში გატარების მიზნით, წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა (11ოქტომბერი – 18:00 საათი). ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ უნდა წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება, რომელშიც (რომლებშიც) ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.

ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა ცესკოს მდივანს ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება, (ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების დანიშვნის განცხადების დანართის ელექტრონული ფორმის დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის №297/2016 განკარგულება) რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია (გვარის, სახელის, რეგისტრაციის ადგილისა და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

ასევე,  ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია დანართის სახით, ელექტრონული ფორმით  excel ფორმატში, CD ან სხვა ელექტრონული მატარებლის სახით. განცხადებას თან  უნდა ერთვოდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ფოტოასლები.

შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი ადგილობრივ დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილ დამკვირვებელს და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცემს დამკვირვებლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი (მე-40 მუხლის მე-9 პუნქტი).

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ასევე,  საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-40 მუხლის 7-პრიმა მუხლის თანახმად,  რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა აღნიშნული ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა;

მოსამართლისა; საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;

პროკურატურის თანამდებობის პირისა;

საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;

საარჩევნო კომისიის წევრისა.

ადგილობრივი დამკვირვებლების უფლებები:

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 41):

დამკვირვებელს უფლება აქვს თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას – კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის დღემდე პერიოდს, კენჭისყრის დღის შემდგომ პერიოდს;

დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;

კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;

კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;

დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად;

დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;

დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს;

დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;

დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;

განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცე­მისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;

მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;

გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახ­სნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;

გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები.

დამკვირვებელს არა აქვს უფლება:

(საარჩევნო კოდექსი – მუხლი 41):

ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;

დაარღვიოს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ სხვა მოთხოვნები.

საარჩევნო კომისია ვალდებულია შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ დამკვირვებელს შეეძლოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მსვლელობის დროს.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დოკუმენტაციის მიღება და რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ ცესკოს მისამართზე (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.) კანცელარიაში და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართებზე.

საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, დამკვირვებელი გააძევოს კომისიის განთავსების შენობიდან.

ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.

ორგანიზაციებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ცესკოს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე შეუძლიათ მიიღონ: 2510051/502; 2510051/503; 2510051/504; 2510051/151