მედიამ არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაცია 18 ოქტომბრამდე უნდა გაიაროს

711

საარჩევნო ადმინისტრაციებში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მედიაორგანიზაციების აკრედიტაცია გრძელდება.

იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებს ცენტრალურ, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება მიენიჭოთ, მათ აკრედიტაცია “საარჩევნო კოდექსის” 44-ე მუხლის შესაბამისად უნდა გაიარონ.

“საარჩევნო კოდექსის” თანახმად, რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები.

ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

განცხადება აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (18 ოქტომბერი – 18:00 სთ). მედიასაშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციისთვის განცხადებასთან ერთად, სავალდებულოა დანართის წარდგენა ელექტრონული ფორმით excel ფორმატში, CD ან სხვა ელექტრონული მატარებლის სახით და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ფოტოასლები (ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციისათვის წარსადგენი განცხადების დანართის ელექტრონული ფორმის დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის №298/2016 განკარგულება).

განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს.

აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).

კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.

მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ:

თავისუფლად და დაუბრკოლებლად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას – გააშუქონ კენჭისყრის დღე, კენჭისყრის დღემდე პერიოდი და კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდი.

შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ:

დაესწრონ საარჩევნო კომისიების სხდომებს;

კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში;

შეუზღუდავად გადაადგილდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად, კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად, დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს.

მედიის წარმომადგენლებს უფლება არ აქვთ (საარჩევნო კოდექსი; მუხლი 41.2.ა-დ;41.4):

ჩაერიონ საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

გავლენა მოახდინონ ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

აგიტაცია გაუწიონ ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

ატარონ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი.

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;

საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, მედიის წარმომადგენელი გააძევოს კომისიის განთავსების შენობიდან.

აკრედიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია მედიასაშუალებამ უნდა გააგზავნოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: media@cec.gov.ge, ხოლო დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკოს შემდეგ ნომრებზე: 2510051/190; 2510051/151