სახელმწიფო აუდიტის სამსახური ალექსანდრე ელისაშვილის და ”ნაციონალური მოძრაობის” საჩივრებს სწავლობს

887

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საარჩევნო სუბიექტების ორ საჩივარს სწავლობს, მათგან ერთი საჩივარი ალექსანდრე ელისაშვილისაა, ხოლო მეორე – ”ნაციონალური მოძრაობის”.

”სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საარჩევნო სუბიექტების მიერ შემოსულია ორი განცხადება: 1. ქ. თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადება ფეისბუქ გვერდების საშუალებით მისი კანდიდატურის საწინააღმდეგოდ დაფინანსებული დეზინფორმაციის კამპანიის წარმოების თაობაზე. 2. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადება მიკროავტობუსებზე ”ქართული ოცნების” სარეკლამო პოსტერების 2016 წლის პარლამენტის არჩევნებიდან არსებობის შესახებ.

შემოსულ განცახდებებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო აღნიშნული საკითხების შესწავლა. შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა როგორც ”ქართულ ოცნებას”, ასევე შპს ”თბილისის მიკროავტობუსს”, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

რაც შეეხება ჯარიმებს, პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ”ლეიბორისტული პარტია” და პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლება – ზვიადის გზა” 2 000-2000 ლარით დააჯარიმა.

გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ლომჯარია ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება და მათ პარტიების ფინანსურ მონიტორინგთან ერთად საარჩევნო სუბიექტების საჩივრის შესახებ ინფორმაციას აცნობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი