ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე აყრილი ასფალტი ისევ არ დაუგიათ

652

ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე, ერთი კვირისწინ აყრილი ასფალტი ისევ არ დაუგიათ, მიუხედავად იმისა, რომ მშენებელი კომპანია ასფალტის გადასაგებად, გასულ კვირას, სამ დღეს ითხოვდა.

 ერთი კვირის დაგებული ასფალტი წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა იმიტომ აყარეს, რომ საკანალიზაციო სისტემა შეეკეთებინათ, რაც, მათივე განმარტებით, ვიდრე ქუჩაზე ასფალტს დააგებდნენ, ვერ მოხერხდა.

საკანალიზაციო სისტემის შესაკეთებლად ასფალტი თითქმის გზის მთელს სიგანეზეა აყრილი. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

„კაი ხანია აყარეს, კანალიზაციას ვაკეთებთო, მერე ასე დაყარეს ყველაფერი და წავიდნენ. აქ ბავშვებიც არიან და ამ ორმოში თამაშობენ ხოლმე, ეს ხომ კარგი არ არის, კანალიზაციაა“,–გვეუბნება ქეთევან დედოფლის ქუჩის მცხოვრები რაფიკ ფილოიანი.

წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ საკანალიზაციო ქსელის შეკეთება დასრულდა. ასფალტის გადასწორების სურვილი კი იმ კომპანიამ გამოთქვა, რომელმაც გზის რეაბილიტაციის სამუშაოები შეასრულა.

ეს სამშენებლო კომპანია ტენდერში გამარჯვებული „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1–ია“. კომპანიაში ამბობენ, რომ წვიმიანი ამინდები იყო და აყრილი ადგილის ასფალტით გადაფარვა ვერ მოხერხდა: „მიწა დასველდა, ეგ უნდა ამოშრეს და კარგად დაჯდეს, რომ ზემოდან ასფალტი გადაეფაროს. ამ დღეებში გადავაფარებთ და პრობლემაც აღარ იქნება“.

კომპანიამ „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ქეთევან დედოფლის ქუჩა და ქალაქის კიდევ ცხრა ქუჩა 795 000 ლარის ფარგლებში მოაასფალტა.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე