თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია

599

თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია – პროექტი ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society (ISOC)-თან ერთად განახორციელა. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

თუშეთში ინტერნეტიზაციის უკვე დასრულებულ სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი გაეცნო. მინისტრის მოადგილემ მხარის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან , „თუშეთის განვითარების ფონდისა“ და ISOC-ს წარმომადგენლებთან ერთად შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნეს-ოპერატორებს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“ პოტენციურ ბენეფიციარებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარა და მათ 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები გადასცა. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, ინტერნეტის ამოქმედება დადებით ზეგავლენას მოახდენს თუშეთის შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით თუშეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე.

თუშეთში ამ ამ ეტაპისათვის უკვე დამონტაჟებულია 7 ანძა, მონიშნულია სატრანზიტო წერტილები: სოფელ რუისპირის ანძა, რომელთანაც მოყვანილია ოპტიკური ხაზი (კომპანია „ფრინეტი,“ კახეთი) და აბანოს უღელტეხილი, სადაც დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი.

ISOC-არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის ძირითადი ფუნქცია ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. პროექტის საერთო ღირებულება: 40 000 USD და 20 500 ლარია. ცნობას კახეთის მხარე ავრცელებს.