ზერტის საბავშვო ბაღის შენობას დაანგრევენ

745

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, საბავშვო ბაღის შენობას დაანგრევენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მუნიციპალიტეტის ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულში, შენობას ბზარები გაუჩნდა.

,,როდესაც სარემონტო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, მოულოდნელად, დიდი ბზარები გაჩნდა. მიზეზი ვერ გაიგეს. შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციით, შენობის დანგრევა გადაწყდა და მის ნაცვლად ახალი აშენდება” – ამბობენ ბაღების სააგენტოში.

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სწავლა 2017 წლის 18 სექტემბერს დაიწყება. 40 საბავშვო ბაღიდან, სავარაუდოდ, მხოლოდ ზერტის ბაღი არ გაიხსნება, რადგან აღნიშნულ სოფელში ალტერნატიული ფართი ჯერ არაა დაქირავებული.

რაც შეეხება დანარჩენ საბავშვო ბაღებს, უახლოეს ერთ კვირაში, სარემონტო სამუშაოების შემდეგ, მარანაში, ხვითში, ბერშუეთში, ტინისხიდსა და ფხვენისში ახალი შენობები გაიხსნება. სოფელ უფლისციხეში ნაქირავებ ფართში განახლდება სწავლა, ძველი შენობა რემონტდება.

,,ტყვიავში კი, ბავშვთა რაოდენობის ზრდის გამო, ახალი ჯგუფები ემატება” – აცხადებენ სააგენტოში.

საბავშვო ბაღებში ბავშვთა რეგისტრაცია 2017 წლის 31 აგვისტოს დასრულდა. დღეის მდგომარეობით, მართვის სააგენტოს, ბავშვთა რაოდენობის შესახებ, ინფორმაცია, მხოლოდ, 13 საბავშვო ბაღის დირექტორმა მიაწოდა.. დანარჩენ ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია სწავლის დაწყებამდე გაგრძელდა.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი