ქალაქის საკრებულომ დაამტკიცა შენობების ნუსხა, სადაც არჩევნები ჩატარდება

588

ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ განსაზღვრა შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება. ეს ძირითადად სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების ობიექტებია, თუმცა რამდენიმე მათგანი კერძო მფლობელობაშია. ჯამში 43 ლოკაცია. იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიას განმარტებით, სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების შენობები, რომელზეც საუბარია განკარგულებაში, უსასყიდლოდ, უზურფრუქტის ფორმით საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცა. ამ ნაგებობების უმრავლესობა საჯარო სკოლებია, ასევე სპორტდარბაზების შენობები, საბავშვო ბაღები, უნივერსიტეტის სივრცე და კერძო სახლები.

დღევანდელ სხდომაზე ასევე განისაზღვრა მერიის მოვალეობები, რაც მას დაეკისრება მიმდინარე პროცესში. კერძოდ ის, რომ უზრუნველყოს – წინასაარჩევნო პერიოდში ხელი შეეწყოს საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების და კრებების, საჯარო დებატების და დისკუსიების, შეკრებების და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში. დაიცვას მათი უსაფრთხოება სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით. ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინვენტარი თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლო სარგებლობაში ამავე კომისიას გადაეცა.

გადაცემული შენობა-ნაგებობების კომუნალური ხარჯები ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიფარება.

მერიას დაევალა საარჩევნო პლაკატების გამოსაფენად სტენდების დამზადების უზრუნველყოფაც.

შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონულმა სამმართველომ კი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განკარგულებით განსაზღვრული წესების დარღვევის ფაქტები უნდა აღკვეთოს.

წყარო: livepress.ge