რეფორმა, რომელმაც იმუშავა – გორის უმეტეს სოფელში მოგვარებული პრობლემები

980

2014 წლის თვითმმართველობის რეფორმის შედეგად გაყოფილი მუნიციპალიტეტები, საქართველოს პარლამენტის ორი თვის წინანდელი გადაწყვეტილებით, ისევ გაერთიანდა.

7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათი სათემო მუნიციპალიტეტებთან შერწყმის შესახებ საქართველოს მთავრობის ინიციატივის სისრულეში მოყვანა  ამ ქალაქების მოსახლეობის, ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის აზრის გათვალისწინების გარეშე მოხდა, მაგრამ ეს სულაც არ ყოფილა საპარლამენტო უმრავლესობისთვის ხელის შემშლელი, რომ გადაწყვეტილება ქალაქების გაუქმების სასარგებლოდ მიეღო.

ინიციატივის ავტორებმა და მმართველმა გუნდმა მუნიციპალიტეტების ისევ გაერთიანება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებითა და ბიუჯეტის უფრო ეფექტური ხარჯვით ახსნეს.

საწინააღმდეგოს ფიქრობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მათი აზრით, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის ყველა საჭიროებას ვერ მოერგება და ადგილზე ყველა პრობლემის გადაჭრაც ვეღარ მოხერხდება. ეს კი, ბიუჯეტის ეფეტური ხარჯვის ნაცვლად, არაეფექტურ ხარჯვას გამოიწვევს. ექსპერტები ამბობენ, რომ ამით ყველაზე მეტად მოსახლეობა დაზარალდება, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც 2014 წლის რეფორმის შემდეგ ისეთ სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაუჩნდათ, რომელზეც მანამდე არ ჰქონიათ.

მუნიციპალიტეტების გაერთიანების მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი მოსაზრებით, თვითმმართველობის რეფორმამ მუნიციპალიტეტებს, განსაკუთრებით კი თემებს, ისეთი პრობლემების მოგვარებისა და სერვისების მიწოდების საშუალება მისცა, რასაც მანამდე, წლების მანძილზე, ყურადღება ნაკლებად ექცეოდა. ერთ-ერთ ასეთად სოფლებში ნარჩენების მართვისა და კეთილმოწყობის სამუშაოები დასახელდა.

droa.ge-მ გადაწყვიტა, ეს საკითხი გორის თემის მუნიციპალიტეტის მაგალითზე განეხილა.

გორის მუნიციპალიტეტში სულ 104 სოფელია. თვითმმართველობის რეფორმამადე სოფლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სერვისი თითქმის არ არსებობდა და მოსახლეობა ნაგავს ან მდინარის ნაპირას, ან პირდაპირ მდინარეში ყრიდა.

თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ, 2014 წლის აგვისტოდან, გორის მუნიციპალიტეტში შეიქმნა კეთილმოწყობის სამსახური, რომელსაც ამ და სხვა საკითხების მოგვარება დაევალა.

2015 წლამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სერვისით გორის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ხუთი სოფელი სარგებლობდა – კარალეთი, ხიდისთავი, ქვახვრელი, უფლისციხე და ატენი, სადაც ურნები ძალიან მცირე რაოდენობით იყო განლაგებული და ნარჩენის გატანაც იშვიათად ხდებოდა.

დღეის მდგომარეობით კი, ნაგვის ურნები გორის მუნიციპალიტეტის 49 სოფელშია  განლაგებული და საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანაც რეგულარულად ხდება.

ვითარება შეიცვალა გარეგანათების მოწყობის მხრივაც.

2012 წელს გარეგანათება მხოლოდ 2 სოფელს ჰქონდა – მეჯვრისხევის ნაწილს და კარბს.

2013 წელს ქვახვრელი, სკრა და ბერბუკიც განათდა და ამ სოფლების რიცხვი 5-მდე გაიზარდა.

2014 წელს მათ კიდევ 10 სოფელი ( ატენი, ძევერა, ტყვიავი, ახალუბანი, დიცი, ტირძნისი, სკრა, კარალეთი, მეჯვრისხევი, ხიდისთავი) დაემატა.

საერთო ჯამში, თვითმმართველობის რეფორმამდე, გარეგანათება გორის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში იყო მოწყობლი.

2015 წლიდან კი გორის თემში გარეგანათების მოწყობა პრიორიტეტული გახდა. ამაზე ის მონაცემებიც მეტყველებს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილ დოკუმენტშია ასახული:

2015 წელს გარეგანათების მოწყობის სამუშაოები 26 სოფელში ჩატარდა და 394 303 ლარი დაიხარჯა.

2016 წელს დამატებით 49 სოფელი განათდა გორის თემში, რისთვისაც 947 612 ლარი დაიხარჯა,

ხოლო 2017 წელს განათებული სოფლების რიცხვს 7 სოფელი მიემატა და ამ სამუშაოებისთვის 271 804 ლარი დაიხარჯა  ;

დღევანდელი მდგომარეობით, ჯამში, გარეგანათება გორის თემის 99 სოფელშია დამონტაჟებული.

ფაქტია, რომ სერვისები, რომელზე წვდომაც სოფელში მცხოვრებ მოქალაქეებს 2014 წლამდე არ ჰქონიათ, ან, უკეთეს შემთხვევაში, არასრულყოფილად ჰქონდათ, 2014 წლის რეფორმის შემდეგ ცალსახად გაუმჯობესდა. ანალოგიური ვითარებაა იმ სათემო მუნიციპალიტეტებშიც, რომლებსაც, გორის თემის მუნიციპალიტეტის მსგავსად, თვითმმართველი ქალაქები კვლავ მიუერთეს.

ცენტრალური ხელისუფლება გვპირდება, რომ მომდევნო წლებში გაერთიანებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები არ შემცირდება და ამიტომაც იმ სერვისების მიწოდება, რაც მუნიციპალიტეტის უმთავრესი ფუნქციაა, არ გაუარესდება. რამდენად შესრულდება პირობა, ამას სულ მალე ვნახავთ, რადგან 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტების წარდგენამდე ბევრი დრო არაა დარჩენილი.