თბილისის მეტროში ახალი ფორმისა და დიზაინის მატარებლები გამოჩნდა

782

მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მეტროს ვაგონების მოდერნიზებას აგრძელებს.
ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

“2017 წელს კომპანია მგზავრებს სთავაზობს სრულიად ახალი ფორმისა და დიზაინის მოდერნიზებულ ვაგონებს, რომელთა განახლება მოხდა სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში”, – აცხადებენ კომპანიაში.

უწყების ინფორმაციით, მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც შექმნა დამატებითი სივრცე მემანქანისთვის. კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები. სალონში ძველი სანათები შეიცვალა ახალი, დიოდური სანათებით, ვაგონებში დამონტაჟდა შიდა, დაკვირვებისა და გარე, ბაქანის საკონტროლო კამერები. მგზავრების კომფორტისთვის ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები. ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

2017 წელს თბილისის მეტროს მგზავრებს 8 განსხვავებული ფორმისა და დიზაინის სრულიად განახლებული და მოდერნიზებული ვაგონი მოემსახურება.

მანამდე 2017 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ  აღნიშნული 8 ვაგონის გარდა, კაპიტალური რემონტი ჩაუტარა 16 ვაგონს, წლის ბოლომდე იგეგმება დამატებით 12 ვაგონის განახლება.