ადიკო ივანიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ სახელი უნდა შეიცვალოს და ახდენილი ოცნება უნდა დაირქვას“

1541

დღეს  ოზურგეთში გურიის  მერობის კანდიდატების წარდგენას ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი ესწრებოდა.

ყოფილი პრემიერის ძმა, რომელიც ყოველთვის ერიდებოდა მედიასთან ურთიერთობას და ჟურნალისტებთან საუბარს, დღეს  განსაკუთრებით აქტიურობდა და კანდიდატების გვერდითაც არა ერთხელ გამოჩნდა.

ბიძინა ივანიშვილის ძმას არც ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე პასუხისთვის აურიდებია თავი და კანდიდატების შეფასებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ დამსახურებაზეც ისაუბრა.

გავრცელებულ ხმებზე, რომ გურიაში მერობის კანდიდატების შერჩევაში ადიკო ივანიშვილის წვლილი განსაკუთრებული იყო, ის  გადამეტებულს უწოდებს და გვეუბნება, რომ  არც ლანჩხუთის და არც ჩოხატაურის მერობის კანდიდატები მასთან ამ კუთხით არანაირ კავშირში არ არიან, რაც შეეხება ოზურგეთის მოქმედ მერსა და მერობის კანდიდატს ბეგი სიორიძეს,  მას ძალიან ახლოს იცნობს და მისთვის სიორიძის კანდიდატურა მისაღები იყო:

„კუჭავას და სარიშვილის კანდიდატურებთან მე არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია. ეს აბსურდია. რაც შეეხება ბეგი სიორიძეს, მის კანდიდატურას ნამდვილად ვუჭერდი მხარს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩემს მოლოდინებს გაამართლებს. ახლოს ვიცნობ მას,  ერთმანეთთან ხშირი ურთიერთობა გვაქვს“-გვითხრა ადიკო ივანიშვილმა.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მისი დამსახურება ქვეყნისა და ხალხის წინაშე იმდენად დიდია, რომ ივანიშვილის აზრით, დროა პარტიამ  სახელი შეიცვალოს  და ახდენილი ოცნება დაირქვას:

 „ქართულმა ოცნებამ“  სახელი უნდა გადაირქვას და ახდენილი ოცნება უნდა დაირქვას“-ამბობს ყოფილი პრემიერის ძმა.

დღეს ოზურგეთში, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა. 

ჩოხატაურში “ოცნებამ” მოქმედი გამგებელი, ირაკლი კუჭავა დაასახელა, ოზურგეტში ბეგლარ სიორიძე და ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი.

წყარო: guriis moambe