პოლიტიკურ პარტიებს ცესკო-ში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა დღეს 18:00 საათზე ეწურებათ

584

პოლიტიკურ პარტიებს ცესკო-ში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის მიზნით განცხადების შეტანის ვადა დღეს, 18:00 საათზე ეწურებათ. ცესკო-ს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, ამ დროისთვის 2 საარჩევნო ბლოკია რეგისტრირებული.

“დღეს ბოლო ვადაა, როდესაც რეგისტრირებულ პარტიებს შესაძლებლობა აქვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ბლოკის რეგისტრაციის მიზნით განცხადებით მომართონ. ამ ეტაპზე ცენტრალური საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრაციაში 2 საარჩევნო ბლოკია გატარებული. კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებული პარტია ცესკო-ს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს და განცხადებასთან ერთად ბლოკის წესდებას წარუდგენს. განცხადების მომართვიდან ერთი დღის ვადაში ცესკო-ს შესაბამისი სამსახური განცხადებას და წარმოდგენილ წესდებას ამოწმებს და ცესკო-ს თავმჯდომარეს დასკვნას წარუდგენს იმის შესახებ, შესაძლებელია ბლოკის რეგისტრაციაში გატარება, თუ უარი ეთქვას ბლოკს რეგისტრაციაზე და ხარვეზი დადგინდეს. თუ ყველა საბუთი წესრიგშია ცენტრალური საარჩევნო კომისია დაუყონებლივ იღებს გადაწყვეტილებას და საარჩევნო ბლოკს რეგისტრაციაში ატარებს. თუ შესაბამისი საბუთები კანონმდებლობით განსაზღვრული წესებით შემოტანილი არ არის, ბლოკს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ეძლევა”, -აღნიშნა მიქელაძემ.

წყარო: 1tv.ge