ჩოხატაურში “ქართული ოცნების” წევრების ნაწილი გამგებლობის კანდიდატის შეცვლას ითხოვს

832

ჩოხატაურში “ქართული ოცნების” წევრების ნაწილი გამგებლობის კანდიდატის შეცვლას ითხოვს. პარტიის წარმომადგენლების ნაწილმა დღეს აქცია გამართა და პარტიას კანდიდატის შეცვლის თხოვნით მიმართა.

ჩოხატაურის მოსახლეობა “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, მათ მიერ წარდგენილი გამგებლობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა სხვა კანდიდატურით შეცვალონ.

“დარწმუნებული ვარ, არჩევნებს ირაკლი კუჭავა, რომელსაც პარტია გამგებლობის კანდიდატად წარადგენს, ვერ მოიგებს და “ქართული ოცნება” დარჩება წაგებული. ჩვენ, ვინც დღეს ამ აქციაზე ვდგავართ, ყველა “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ვართ, მაგრამ ირაკლი კუჭავას მისი გამგებლობის პერიოდში რაიონისთვის არაფერი გაუკეთებია. ეს არის კაცი, რომელიც არსად ჩანდა, უცებ გახდა გამგებლობის კანდიდატი 2012 წელს. მაშინ ვკითხეთ, თუ სად იყო ის, როცა „ქართულ ოცნებას“ რთული პერიოდი ედგა, თურმე იატაკქვეშ მუშაობდა, ეს იყო მისი პასუხი. ეს კაცი ატყუებს მოსახლეობას, სწორედ ამიტომ არის ხალხი გაბრაზებული. ჩვენი მოთხოვნაა, მოხსნან კუჭავას კანდიდატურა გამგებლობიდან. ვაფრთხილებთ პარტიას, ისინი თუ ამას არ იზამენ, “ქართული ოცნება” ჩოხატაურში არჩევნებს წააგებს”, – განაცხადა ჩოხატაურის საკრებულოში “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა გოჩა თოდრიამ.

თავად ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ ამ მოთხოვნას გოჩა თოდრია განაწყენების გამო აყენებს, ვინაიდან ის საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდა. მისივე ინფორმაციით, თოდრიასთან ერთად, აქციაზე ოპოზიციური პარტიების კანდიდატები და მათი ოჯახის წევრები იდგნენ.

კუჭავა აცხადებს, რომ ის ძლიერი კანდიდატია. “ოპოზიციური პარტიები სთხოვენ ხელისუფლებას, ძლიერი კანდიდატი შეცვალონ სუსტით, რომ იქნებ რაიმე შანსი გაუჩნდეთ,” – ამბობს “ოცნების” კანდიდატი.

კუჭავა დარწმუნებულია, რომ არჩევნებს პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი, გურიანიუსი