ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება

828

ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ერთდროულად ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული მონაკვეთის ინვესტიცია 500 მილიონ ლარამდეა და ის ძალიან დიდ დასაქმების კომპონენტს ითვალისწინებს.

“ეს უკვე გახლავთ ბოლო მონაკვეთი, რომლის შემდეგაც რიკოთი იწყება. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო დაზუსტება. მისი ღირებულება მილიარდ დოლარამდე იქნება. ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი და, ალბათ, ყველაზე რთული მონაკვეთი, რომლის სიგრძე 55 კილომეტრამდეა და 90 ხიდსა და 40 გვირაბს მოიცავს. აქაც ასობით ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, რიკოთის უღელტეხილის მშენებლობა მომავალი წელს დაიწყება.

“მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგი ტემპით მივდივართ, არ გვაქვს ჩამორჩენა სივრცითი განვითარების გეგმით გათვალისწინებულ დროით ინდიკატორებთან, რაც ძალიან მისასალმებელია. მინდა, მოსახლეობას რეგულარულად ვაცნობოთ სივრცითი განვითარების გეგმის აღსრულების შესახებ”, – თქვა პრემიერმა.