გიორგი კვირიკაშვილი: დაგეგმილი გვაქვს, კახეთის მიმართულებით კომპლექსური პროგრამა წამოვიწყოთ

928

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, კახეთის მიმართულებით კომპლექსური პროგრამა წამოვიწყოთ იმისათვის, რომ კახეთი გავხადოთ სამაგალითო მიმართულება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის რეგიონში განაცხადა, სადაც მერობის კანდიდატები წარადგინა.

მისი თქმით, კახეთსა და თუშეთს თავისი უნიკალური ბუნებით, ისტორიული და კულტურული ძეგლებით შესანიშნავი პოტენციალი აქვს ტურიზმის კუთხით.

„თითოეული ჩამოსული ახალი ტურისტი ეს არის დამატებითი მოთხოვნა ადგილობრივ პროდუქტზე და დამატებითი სამუშაო ადგილები, როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე ოჯახური სასტუმროების მიმართულებით.

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, კახეთის მიმართულებით კომპლექსური პროგრამა წამოვიწყოთ იმისათვის, რომ კახეთი გავხადოთ სამაგალითო მიმართულება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით.

ჩვენ ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ, როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან, ისე გუბერნატორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. სულ ახლო მომავალში ჩვენ დავაანონსებთ ამ უპრეცედენტო მასშტაბის პროგრამას, რომელიც იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, სამაგალითო, როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

ამის გარდა, მინდა გითხრათ, რომ კახეთს კულტურული მიმართულებით აქვს განსაკუთრებული პოტენციალი. ეს რეგიონი ყოველთვის მდიდარი იყო ინტელექტით და სწორედ ეს ინტელექტი ინარჩუნებს დღემდე იმ თვითმყოფადობას, იმ განსაკუთრებულ კულტურას, რომელიც აქ წარმოიშვა და რომელმაც არა მარტო კახეთის, არამედ საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კულტურის განვითარებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებული რესურსი დაიხარჯება, რათა თითოეულ რეგიონში ახალგაზრდებს ჰქონდეთ ადგილი, სადაც ისინი მივლენ, ნახავენ ახალ სპეკტაკლებს, კინოხელოვნების ახალ ნიმუშებს და არ იქნება საჭიროება იმისა, რომ ამისთვის აუცილებლად დედაქალაქში იყოს წასასვლელი.

ადგილობრივი კულტურის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, როგორც ცენტრალური ბიუჯეტის ასიგნირების კუთხით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა. მერობის კანდიდატების წარდგენა თელავში გაიმართა.

წყარო: 1tv.ge