„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს ბოროტად იყენებს

602

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს ბოროტად იყენებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულის შესახებ ლევან ბეჟაშვილმა და ბესო შენგელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი თქმით, სამარშრუტო ტაქსებზე გასული წლის არჩევნების შემდგომ შემორჩენილია სარეკლამო ბანერები, რაც კანონდარღვევაა. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის თანახმად, შემოწირულობად ითვლება პარტიის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა და მომსახურება;

პარტიის მიერ თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულობის საერთო რაოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს. მოქალაქემ ან იურიდიულმა პირმა შემოწირულობა შეიძლება განახორციელოს ამ კანონით დადგენილ ზღვრულ ნორმებში.

ბესო შენგელიას განცხადებით, ზემოთ მოყვანილი წესები დარღვეულია, რადგან დადგენილ თანხას ბევრად აღემატება მოცემულობა.

„ჩვენი დათვლებით, მხოლოდ ჩვენ მიერ აღმოჩენილ 20 სამარშუტო ტაქსზე გასული არჩევნების შემდგომ დარჩენილი სააგიტაციო მასალა, თანხაში გადაყვანილი, 181 ათასი ლარია“, – განაცხადა შენგელიამ.

ლევან ბეჟაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი ხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ფინანსური მონიტორინგის ცხვირწინ“.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათგან არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, რომ აღკვეთილიყო კანონმდებლობის დარღვევა და დღეს ჩვენ ვხედავთ საარჩევნო მანიპულაციის სახით ასეთ კანონდარღვევებს, რომელიც პირდაპირ ნიშნავს ადმინისტრაციული რესურსის და ხელისუფლების ბოროტად გამოყენებას“, – დასძინა ბეჟაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი