თსუ-ს მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ამოქმედდება

808

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ამოქმედდება.

”ბიზნესპრესნიუსს“ ინფორმაციით, თსუ-ს მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგიროს რეაბილიტაცია უახლოეს ხანებში დასრულდება.

პროექტს შპს ”საქსპეცტრანსი” ახორციელებს. როგორც კომპანიის დირექტორმა გიორგი მესხმა ”ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, საბაგიროს რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია.

”ცოტა იგვიანებს ფულის გადასახდელი აპარატები, რომელსაც სავარაუდოდ თურქეთიდან ჩამოვიტანთ. თუმცა, ვფიქრობთ, 2-3 კვირაში სამუშაოები სრულად დასრულდება და ამ თვის ბოლოს ობიექტის ჩაბარებას შევძლებთ“, – აღნიშნა მესხმა.

მისივე თქმით, საბაგიროს ორი ვაგონი ექნება და თითოეული მათგანი დაახლოებით 20 ადამიანზე იქნება გათვლილი. როგორც გიორგი მესხმა ”ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 1 ლარი ან უფრო ნაკლები იქნება.

საბაგიროს მეშვეობით ”მაღლივი – ბაგების” მიმართულებით გადაადგილებას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდება.

რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, როგორც შპს ”საქსპეცტრანსის“ დირექტორმა აღნიშნა, რადგან ჯერ კიდევ მუშა პროცესია ზუსტი თანხის თქმა შეუძლებელია. თუმცა, მისივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება სამუშაოების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.

საბაგირო, რომელიც როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისე აშენდა, 1982 წლიდან 2002 წლამდე ფუნქციონირებდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი