“ერთობა – ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება

830

„ერთობა – ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება. გიორგი ვაშაძის საარჩევნო სლოგანია „საქართველო მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოთა შორის, ხოლო თბილისი ძლიერ ქალაქთა შორის“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ სრულიად ახლებურად შევუდგეთ საქმის კეთებას. საქართველოს გერბზე გამოსახულია სიტყვები – „ძალა ერთობაშია“, მაგრამ რატომღაც ვერაფრით ვერ ვახდენთ ამ ერთიანობას. სამწუხაროდ, ჩვენი მტერი, რომელიც ახლოს არის, სწორედ ამ დაპირისპირებით, ამ პრობლემებით სარგებლობს. ნაცვლად ერთიანობისა, ჩვენ დაპირისპირებას ვანდომებთ მთელ დროს – მზად ვართ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ, მზად ვართ ერთმანეთს ლუკმა პური წავართვათ.

ჩვენ ვდგავართ იმ მებრძოლს, რომელსაც არანაირი ენერგია არ გააჩნია იმისთვის, რომ იბრძოლოს ბოლომდე და ერთადერთი მიზანი აქვს, რომ იქნებ ეს ბრძოლა დასრულდეს. ჩვენ ამით მიზანს ვერ მივაღწევთ.

რატომ გვჭირს ეს ყველაფერი? რატომ ვერ ვერთიანდებით? რატომ გვაქვს ამდენი გაჭირვება? რატომ გვაქვს ამდენი პრობლემა? – იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საერთო მიზანი, უფრო სწორად, ზე-მიზანი, რისთვისაც ყველა ვიბრძოლებთ და ერთ მუშტად შეკრულები მივაღწევთ წარმატებას. არ გვაქვს ზე-მიზანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას თავის ადგილს მოუტანს ლიდერ სახელმწიფოთა შორის.

სწორედ აქედან გამომდინარე, დღეს გვინდა შემოგვთავაზოთ ის ზე-მიზანი, რომელიც გაგვაერთიანებს და ეს არის – „საქართველო მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოთა შორის, ხოლო თბილისი ძლიერ ქალაქთა შორის“. ეს უნდა იყოს სწორდ ჩვენი მიზანი.

მე მჯერა, რომ ჩვენ ვართ ინოვაციური ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ. მოდით, გავერთიანდეთ ყველანი ზე-მიზნის გარშემო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი