არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობის კანდიდატების შემადგენლობა მნიშვნელოვნად განახლდება

696

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სია და მაჟორიტარობის კანდიდატების შემადგენლობა მნიშვნელოვნად განახლდება.

როგორც თალაკვაძემ პარტიის ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კონსულტაციები დასრულებული არ არის და შესაბამისად, კანდიდატის ვინაობა ცნობილი არ არის.

“დღეს “ქართული ოცნება“ წარადგენს კანდიდატებს საკრებულოს არჩევნებისთვის. შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატები არიან ის ადამიანები, რომლებიც შეძლებენ თბილისის მომავალი განვითარების პროცესში ჩაერთონ ახალი ენერგიით, მათ შორის არიან გამოცდილი პოლიტიკოსები, ქალი პოლიტიკოსები, ახალგაზრდები. წარდგენა დღეს საღამოს მოხდება. პროპორციულ სიას რაც შეეხება, როგორც მაჟორიტარი კანდიდატების შემთხვევაში, ისე პარტიის პროპორციული სია, თვითმმართველობის არჩევნებში მნიშვნელოვნად განახლდება. აქაც წარმოდგენილი იქნებიან ახალი სახეები, ქალი პოლიტიკოსები და ჩვენი თანაგუნდელები, რომლებმაც ამ ოთხი წლის განმავლობაში წარმატებულად იმუშავეს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი