ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, შესაძლოა, „პატრიოტთა ალიანსის“ რიგებს შეუერთდეს

766

არაოფიციალური ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობას ტოვებს.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, ჩაჩანიძე სამსახურში ორი დღეა არ გამოჩენილა.
მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ნაწილის ინფორმაციით, ჩაჩანიძე ერთკვირიანი შვებულებით სარგებლობს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ, პოსტზე აღარ დაბრუნდება.

დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჩაჩანიძე ადგილობრივ მედიასთან ადასტურებს და ამ გადაწყვეტილებას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს.

„ინტერპრესნიუსის“ წყაროს ცნობით, შესაძლოა, ჩაჩანიძემ თვითმმართველობის არჩევნებში ბორჯომის მერის პოსტზე „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყაროს კენჭი.

ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის საკრებულოს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს, იგი საკრებულოში “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს, თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მმართველ გუნდთან და მუნიციპალიტეტის გამგებელ დიმიტრი ყიფიანთან მის დაპირისპირებაზე ბორჯომში აქტიურად საუბრობდნენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი