თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს განახლებული „ახმეტელის თეატრის“ მეტროსადგური მოემსახურება

692

დღეიდან მგზავრებს სრულად განახლებული და გარემონტებული „ახმეტელის თეატრის“ სადგური მოემსახურება. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები. ასევე შეიცვალა მეტროსადგურში განთავსებული მიმართულების მაჩვენებლები. მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დამბა“.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მოქალაქეების უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და შეიცვალა.

„მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ მოცულობითი სამუშაოები ჩატარდა, რათა სადგური იყოს უფრო უსაფრთხო, მეტად დაცული და კომფორტული. შესაბამისად, ჩვენი თანამოქალაქეებიც ხედავენ, რომ სადგური უფრო მეტად გალამაზდა, მოწესრიგდა, აღიჭურვა თანამედროვე საშუალებებით, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთიან სათვალთვალო სისტემასთან არის მიერთებული. გარდა ამისა, ის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები, რაც აუცილებელია რომ გათვალისწინებული იყოს, დაცულია და ამ მიმართულებითაც მეტროსადგურის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის მოწესრიგებული“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო კომპანიამ, მერიის მხარდაჭერით 2016 წლიდან დაიწყო მეტროს სადგურების განახლების პროექტი, რომლის ფარგლებშიც უკვე განახლდა „ახმეტელის თეატრის“ სადგური. უახლოეს დღეებში დასრულდება „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, სადგურ „ავლაბარს“ ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები. სადგურების რეაბილიტაციის პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.