ცესკომ 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები დაამტკიცა

977

ცესკომ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები დადგენილებით დაამტკიცა, რომელშიც საარჩევნო პროცედურები დეტალურად არის აღწერილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის პროცედურული სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის.

„დღესვე ცესკომ 73-ვე საარჩევნო ოლქში აირჩია საუბნო საარჩევნო კომისიების დროებითი მე-6 წევრი. საერთო ჯამში, 73 ვაკანტურ ადგილზე სულ 134 განაცხადი იყო შემოსული, კონკურსში მონაწილეობას 134 კანდიდატი იღებდა. საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებს. ისინი სპეციალურად მათთვის განკუთვნილ კომპიუტერების საშუალებით კომისიის სხდომაზე, უშუალოდ, ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამით აკვირდებოდნენ წევრების არჩევის მიმდინარეობას. სტატისტიკურად დამუშავებული ინფორმაცია არჩეული წევრების შესახებ ცესკოს ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გუშინ, ცესკომ უმოკლეს ვადებში რეგისტრაციაში გაატარა 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რათა მათ პროცესზე თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდეთ’’, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

გარდა ამისა, ცესკო არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებს და საინიციატივო ჯგუფებს მიმართავს, რომ ვინაიდან, დღეს, საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის ბოლო ვადაა, დროულად განახორციელონ კანონით გათვალისწინებული პროცედურები.

წყარო: ინტერპრესნიუსი