სახალხო დამცველი: აუცილებელია რუსთავის მუნიციპალიტეტმა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, რადგან სერვისის შეწყვეტა წარმოშობს პაციენტების ჯანმრთელობის გაუარესების რისკს

603

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის უარს „მობილური ფსიქიატრიული ჯანდაცვის“ მომსახურების თანადაფინანსებაზე და მიიჩნევს, რომ აუცილებელია მუნიციპალიტეტმა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, რადგან სერვისის შეწყვეტა წარმოშობს პაციენტების ჯანმრთელობის გაუარესების რისკს.

საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად არის ჩართული ფსიქიატრიის დარგში არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში და დაინტერესებულ მხარეთა სრული ჩართულობით ხელს უწყობს სფეროს შემდგომ განვითარებას.

გასულ პერიოდში გამართული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნების სათანადოდ განხორციელებისთვის საკმარისი და ეფექტური არ არის. ამასთან, უკიდურესად დაბალია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების განვითარების საქმეში.

აღნიშნულის დამდასტურებელი ნათელ მაგალითს წარმოადგენს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „მობილური ფსიქიატრიული ჯანდაცვის“ მომსახურების დაფინანსებაზე გაცხადებული უარი.

შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ 2016 წლის თებერვლიდან ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს „მობილური ფსიქიატრიული ჯანდაცვა“, რომლის ფარგლებში მობილური ჯგუფების მიერ საცხოვრებელ ადგილზე საჭირო მომსახურებას იღებდა 60 პაციენტი. მობილური ჯგუფების მომსახურების შედეგად 60%–ით შემცირდა სტაციონირებისა და რეჰოსპიტალიზაციის რიცხვი, ტრადიციულ ამბულატორიულ განყოფილებაში დაინერგა მულტიდისციპლინური მუშაობის სტილი. პაციენტებში იკლო ფსიქოპათოლოგიური სიმპტომების სიმწვავემ. გაიზარდა პაციენტების სოციალური ფუნქციონირების და შესაბამისად მათი ოჯახის კმაყოფილების ხარისხი.

2017 წლის ივნისში დასახელებული პროექტის დასრულების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა აღნიშნული სერვისის გაგრძელების საკითხი, რაც ნების არსებობის შემთხვევაში, არ მოითხოვდა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მობილიზებას, თუმცა რუსთავის მერიამ შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“, საქართველოს სახალხო დამცველის და  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართვის მიუხედავად, უარი განაცხადა პროგრამის დაფინანსებაზე.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს თემზე დაფუძნებული მომსახურების განვითარებისკენ, რაც ხელს შეუწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების სათანადოდ მოვლას, ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, ჰოსპიტალიზაციის შემცირებას და მათი უფლებების დაცვას. ამ პროცესში განსაკუთრებულია ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და მონაწილეობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებმა არსებული რესურსების გონივრულად განაწილებით მეტი ძალისხმევა მიმართონ ასეთი სერვისების განვითარებისკენ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას.