საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

802

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. მოქმედებას იწყებს “საარჩევნო კოდექსით” დაწესებული ყველა ის აკრძალვა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა იკრძალება. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება.

როგორც საარჩევნო კანონმდებლობაშია ნათქვამი, ამ დღიდან პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები.

ამასთან, “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: – საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა).

გარდა ამისა, იკრძალება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება.

საარჩევნო კანონმდებლობაში, საგაზაფხულო სესიის ბოლოს, “ქართული ოცნების” დეპუტატების ინიციატივით განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, არჩევნებამდე 60 დღით ადრე ნიშნავს. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიაც კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება. მანამდე კი მოქმედებდა ნორმა, რომლითაც არჩევნების დანიშვნა და საარჩევნო კამპანიის დაწყება 60 დღეზე ადრე იყო შესაძლებელი.

წყარო: ინტერპრესნიუსი