ზაალ უდუმაშვილმა დავით ნარმანიას და კახი კალაძეს მოუწოდა, კვების უფასო ობიექტებში პირადად სცადონ 60 თეთრით გამოკვება.

605

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა ლილოს დასახლებასთან მდებარე უფასო სასადილო დაათვალიერა. ზაალ უდუმაშვილი სასადილოში არსებულ პირობებს გაეცნო და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გაესაუბრა, რომლებიც აღნიშნული კვების ობიექტით სარგებლობენ.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში ის გეგმავს, რომ უფასო სასადილოების დაფინანსება 50 მილიონ ლარამდე გაზარდოს.

”მინდა განვაცხადო, რომ ოქტომბრიდან რეალურად შეიცვლება დამოკიდებულება უფასო სასადილოების მიმართ. მე ვგეგმავ, რომ დაფინანება უფასო კვების ობიექტის გავზარდო 50 მილიონ ლარამდე. ეს არის ის თანხა, რომელსაც ყოველწლიურად თბილისის მერია დახარჯავს ამ ხალხის გამოსაკვებად. ჩემი მიზანი ის კი არ არის, რომ უფასო სასადილოების რაოდენობა გავზარდო ქალაქში, არამედ ის, რომ საკვების ხარისხი გაიზარდოს. საბოლოო მიზანი კი არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები თბილისელი იყოს, ვისაც სჭირდება უფასო სასადილო”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა განაცხადა, თბილისის ბიუჯეტში არის საკმარისი თანხა იმისთვის, რომ უფასო სასადილოების დაფინანსება გაიზარდოს.

ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებში გამოყოფილია 1.18 ლარი, თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული თანხიდან ამ ადამიანებს 60 თეთრი ხმარდება, დანარჩენი თანხა კი დღგ-სა და სხვა სახის მიმართულებით იხარჯება.

გარდა ამისა, დღეს ზაალ უდუმაშვილმა დავით ნარმანიას და კახი კალაძეს მოუწოდა, რომ დაათვალიერონ კვების უფასო ობიექტები და პირადად სცადონ 60 თეთრით გამოკვება.

წყარო: ინტერპრესნიუსი