ბაგებში, ჭავჭავაძის გამზირ N82-ში, მშენებლობის გამო 10-მდე საღი ხე მოიჭრა

3

ბაგებში,  ჭავჭავაძის გამზირ N82-ში, მშენებლობის გამო 10-მდე საღი ხე მოიჭრა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ,  ნებართვა გაიცა 8 ხის მოჭრაზე   და 6-ის გადარგვაზე. მათივე  განმარტებით, შპს „მესხი“ საკუთარ ტერიტორიაზე – ჭავჭავაძის გამზირ N82-ში – 2 წლის განმავლობაში ვერ ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებას – ტერიტორიაზე სავალი გზის მოწყობას, რისთვისაც ითხოვდა ხეების მოჭრის ნებართვას.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა მიიღო შპს „მესხის“ განცხადება, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე – ჭავჭავაძის გამზირ N82-ში 2 წლის განმავლობაში ვერ ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებას – ტერიტორიაზე სავალი გზის მოწყობას, რისთვისაც ითხოვდა ხეების მოჭრის ნებართვას. საკადასტრო ტერიტორიაზე არსებული 90 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხიდან, კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციის შესაბამისად, ნებართვა გაიცა 8 ხის მოჭრაზე, ხოლო გადარგვის ნებართვა გაიცა 6 ხეზე. კომპანია იღებს ვალდებულებას, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, დარგოს ხეები და მოაწყოს მწვანე სივრცე“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

2016 წლის 1-ლ სექტემბერს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოაცხადა. ნარმანიას ამბობდა, რომ მორატორიუმი გაგრძელდება მანამ, სანამ ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები არ იქნება შემოღებული.

პარტიზანული მებაღეობის იურისტი ვახტანგ სახოკია მერიაში განცხადების შესატანად მივიდა, რომელიც ხეების ჭრაზე გამოცხადებული მორატორიუმის დარღვევას უკავშირდებოდა. ხეების მოჭრის საპროტესტოდ „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენლებმა  თბილისის მერიასთან აქციაც გამართეს. ისინი ხეების ჭრაზე ნებართვების გაცემის შეჩერებას ითხოვენ.

აღნიშნულ ფაქტს თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით,  ეს “ქართული ოცნების” დამოკიდებულებაა რეკრეაციული ზონის მიმართ.

“სინამდვილეში, ეს არის ქართული ოცნების დამოკიდებულება ქალაქისადმი და რეკრეაციული ზონებისადმი.  ის, რომ სელფით დადის ზოგ-ზოგიერთი და იღებს, ვითომ გამწვანებასა და ეკოლოგიაზე გული რომ შესტკივა და პარკების გაშენებას რომ აპირებს, სინამდვილეში მისი გუნდი ზუსტად ისევ ჩეხავს ხეებს შუაგულ თბილისში. ეს არის საარჩევნო სიაფანდობა, ხალხის მოტყუება, როგორც აქამდე იქცეოდა “ქართული ოცნება” და რეკრეაციული ზონები მიაჩნდა კორპუსების აშენების ადგილად და ხეები კორპუსის აშენებისთვის ხელის შემშლელად,”- განაცხადა ელისაშვილმა.

ხეების მოჭრის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც. მისი თქმით, თბილისის მერიამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

“დღევანდელი ფაქტი აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოების კითხვებს. მომხდარი ცხადყოფს, რომ საჭიროა გამკაცრდეს და დაიხვეწოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რათა ჩვენი ქალაქი რეალურად იყოს დაცული მსგავსი ფაქტებისგან. ცხადია, არ ვართ შენებისა და განვითარების წინააღმდეგი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არ უნდა მოხდეს ბუნების განადგურების ხარჯზე,”- აცხადებს კალაძე.