თბილისში ბოჭორმის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება

1262

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ბოჭორმის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, 17000მ2 ფართობზე, ახალი საგზაო სამოსი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები.

თბილისის მერი დავით ნარმანია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს პირადად გაეცნენ. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი დიდი ხნის განმავლობაში დაზიანებული იყო, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

,,ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს ბოჭორმის ქუჩაზე. გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდება გზის საფარი და ტროტუარები. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის ზედა ფენის დაგება. სამუშაოები დაახლოებით, 10 დღეში დასრულდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ცეკური“ აწარმოებს. სამუშაოები 10 ივნისს დაიწყო და მიმდინარე წლის 31 აგვისტოს დასრულდება.