კახა კალაძე თბილისის დენდროლოგიური პარკის რეკონსტრუქციის ინიციატივით გამოდის

994

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული დენდროლოგიური პარკის რეკონსტრუქციის ინიციატივით გამოდის.

მერობის კანდიდატი აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც პარკში არსებულ პრობლემებსა და მის პოტენციურ შესაძლებლობებზე საუბრობს.

კალაძის განცხადებით, დენდროლოგიური პარკის ტერიტორია, რომელიც არის უნიკალური და მოიცავს უზარმაზარ ფართობს, დღეს აბსოლუტურად მოუვლელი და გამოუყენებელია.

მისივე თქმით, ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას და აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყოს ისეთი რეკრეაციული სივრცე, რომელიც არა მხოლოდ მიმდებარე რაიონების მოსახლეობას, არამედ მთელ თბილისს მოემსახურება.

„აქ შესაძლებელია მოეწყოს ოჯახური დასვენების უზარმაზარი სივრცე. თბილისელებს შეეძლებათ მოვიდნენ ამ პარკში, რომელიც მათი კომფორტული დასვენებისთვის შესაბამისად იქნება მოწყობილი, აქ იქნება სპორტისთვის განკუთვნილი ადგილები, სარბენი თუ ველობილიკები, ასევე, აუცილებელია საპიკნიკე ზონების და სასეირნო სივრცების მოწყობა“, – აღნიშნავს კალაძე.

მერობის კანდიდატის განცხადებით, მომზადდება შესაბამისი პროექტი, რის შემდეგაც დაიწყება რეკონსტრუქცია. კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ეს იქნება თბილისის ზღვის სიგრილისა და გამწვანების შედეგად შექმნილი უნიკალური ადგილი, სადაც თბილისელები ოჯახებით დაისვენებენ.

„ამ პარკის რეკონსტრუქცია სიცოცხლით გაავსებს არა მარტო მიმდებარე უბნებს, არამედ მთელ ქალაქს. თბილისს აქვს უდიდესი პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი. მე მჯერა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და მოვახერხებთ. მჯერა ისიც, რომ თბილისი ძალიან მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი