ზუგდიდის გამგეობის მხარდაჭერით 16 სოციალურად დაუცველი ბავშვი სურამში დაისვენებს

1193

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით, 16 სოციალურად დაუცველი, ხშირად მოავადე ბავშვი დედასთან ერთად სურამში, გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ბანაკში გაემგზავრა – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ბავშვები სურამში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანმა და გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა გააცილეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად წარმოდგენილი და მოწონებული პროექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით შექმნილ კომისიას, პროექტი ასოციაციამ ,,იმედი“ წარუდგინა.

ასოციაცია ,,იმედი“-ს პროექტი, 16 ხშირად მოავადე ბავშვის დედასთან ერთად დაბა სურამში დასვენებას გულისხმობდა. პროექტში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებში და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ხშირად მოავადე 16 შვიდწლამდე ბავშვი ჩაერთო, რომლებიც დედასთან ერთად 10 დღის განმავლობაში გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ბანაკში დაისვენებენ, სადაც ბავშვების ჯანმრთელობაზე გამოცდილი პედიატრი იზრუნებს.

პროექტის განხორციელებაში თანამონაწილეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, შპს ,,ლეკო“ და კოოპერატივი ,,თაფლი კოლხური“ იღებს.

პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წელსაც დააფინანსა.

წყარო: აიპრესი