თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით 1,5 მილიონი ლარით იზრდება

583

თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით 1,5 მილიონი ლარით იზრდება. საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იხილავენ.

როგორც საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, აღნიშნული თანხიდან ნახევარი მილიონი მერიის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება და თანხა მიმართული იქნება 2015 წელს სტიქიით დაზარალებული მეორე კატეგორიის რამდენიმე ოჯახის დასახმარებლად.

ჯაბა სამუშიას განმარტებით, თანხის ნაწილით რიგ უბნებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება.

საკრებულოს ოპოზიცია დაგეგმილ ცვლილებებს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მარიკა დათუკიშვილმა განაცხადა, სტიქიით დაზარალებულების მიმართ წინასაარჩევნოდ გამოჩენილი ყურადღება ახალი არ არის და მსგავს მეთოდებს ხელისუფლება ხშირად მიმართავს.

აღნიშნულ პოზიციას იზიარებს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილიც. მისი თქმით, პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს, რომ თბილისის ბიუჯეტის გაზრდა არჩევნებამდე 2 თვით ადრე არჩევნებთან არ არის კავშირში.

“არჩევნებამდე 2 თვით ადრე გაახსენდათ, რომ 2 წლის წინ სტიქია იყო და ადამიანები დარჩნენ კომპენსაციის გარეშე? რა თქმა უნდა, მავნე ტრადიციაა წინასაარჩევნოდ რაღაცების ფართხა-ფურთხით შეცვლა და ამ ტრადიციას არავინ ღალატობს.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ეზოებში ასფალტის დაგებას, წარმომიდგენია, როგორ მჭადის ფქვილივით მიაყრიან იმ ასფალტს და ნოემბერში უკვე აღარ ივარგებს. ცხადია, ბიუჯეტის გაზრდა დაკავშირებულია არჩევნებთან. წინასაარჩევნოდ ახსენდება ყველას ხალხი”, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი